დასაქმების ხელშეწყობა ბიუჯეტის ფულით - პარლამენტარების ინიციატივა
დასაქმების ხელშეწყობა ბიუჯეტის ფულით, - პარლამენტარებმა ახალი ინიციატივა წარადგინეს.
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი ხელფასების სუბსიდირებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება დასაქმების ხელშეწყობის საპილოტე პროექტს, რომელიც როგროც აღმოჩნდა ნაძალადევის N17 სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარეობს მაჟრიტარი დეპუტატის ბიუროს და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით.
კანონპროექტის მიხედვით, ხელფასის სუბსიდირება შეეხებათ კონკრეტული კატეგორიის პირებს, მათ შორის შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს და დევნილებს. ის კომპანიები კი, რომლებიც ასეთ პირებს დაასაქმებენ, მათი ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას მიიღებენ. თანხა დამატებითი დასაქმებულებისთვის უნდა გამოიყენონ.
უფრო კონკრეტულად, ეს ეხება შემდეგ კატეგორიებს:
ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი;
ბ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი;
გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები;
დ) სხვა პირები, რომელსაც მთავრობა ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით.
დამსაქმებელს შეუძლია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უმუშევრების დასაქმების მიზნით, მიმართოს სააგენტოს შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს სთავაზობს შრომით ხელშეკრულების გაფორმებას განუსაზღვრელი ან არანაკლებ 6 თვის ვადით.
შრომის ანაზღაურების სუბსიდია წარმოადგენს ერთ კალენდარულ თვეში დასაქმებულის შრომის ანაზრაურების 50%–ით დაფინანსებას.
შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს სუბსიდია მიეცემათ არაუმეტეს 3 თვისა.
დამსაქმებელი ვალდებულია, დააბრუნოს სუბსიდიის ნახევარი თუკი შრომითი ურთიერთობა შეწყდება შრომით ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეზე ნაკლებ პერიოდში დამსაქმებლის ინიციატივით, შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე.