საზოგადოება
08/10/2020

COVID ვაქცინის ხელმისაწვდომობაში საქართველოს მსოფლიო ბანკი დაეხმარება

მსოფლიო ბანკი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანას მალევე ჰქონდეს წვდომა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება.

დეტალებზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტ ანა ბიერდეს შორის ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

ფინანსთა მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მსოფლიოსა და საქართველოში შეტანილი წვლილის მნიშნელობაზე აღნიშნა. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ შეიძინა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ  მთავრობის გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ამ პროცესში.

საუბარი შეეხო, მსოფლიო ბანკის დახმარებას ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმების გაგრძელების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 100 მლნ აშშ დოლარს, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივაზე „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზადაა, ჩაერთოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროცესში - მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია იქნება ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანას გაუწევს დახმარებას აღნიშნული რეფორმის ეფექტიანად განხორციელების პროცესში.