საზოგადოება
01/06/2023

ComCom-მა სტუდენტებთან სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა, კარლო კოპალიანმა მოაწერეს.

მოგვიანებით კი, სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას  ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს ქვეყანაში მეხუთე თაობის ტექნოლოგიის განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და 5G ტექნოლოგიის უპირატესობები, მისი განმასხვავებელი ნიშნები უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან, მსოფლიოში არსებული ტენდენციები და ამ მიმართულებით, საქართველოს პერსპექტივები განიხილა. სტუდენტები ასევე გაეცნენ იმ პროცესებსა და სამუშაოებს, რომლებიც ComCom-მა ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.

 

 

Businesspartner