ბევრი გეგმა შეგვეცვალა, მაგრამ ვცდილობთ მოვერგოთ რეალობას - სტუდია "თელა"
სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია „თელას“ ხელმძღვანელის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, პანდემიის პერიოდი სტუდიისთვის რთული აღმოჩნდა.
"სტუდიის დაკეტვამ შემოსავლები გაანულა. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი გამოწვევა ათლეტების ფორმაში ყოფნა და ის საკონკურსო ჟინი იყო, რომელიც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ნებისმიერი მოცეკვავისთვის", - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" გიორგი გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, „თელას“ გუნდის ძალისხმევით, ახალი სასწავლო წელი სტუდიამ მინიმალური ზარალით დაიწყო.
"სტუდიას ათლეტების 96% დაუბრუნდა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი წლის გრაფიკი ყოველთვის დატვრთულია ტურნირებით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, არასდროს გვქონდა დრო იმისთვის, რომ უკეთესი პირობები შეგვექმნა წევრებისთვის. პანდემიამ კი ამის შესაძლებლობა მოგვცა. შევეცადეთ, ამ ყველაფერში დაგვენახა და გამოგვეყენებინა ეს პოზიტიური შესაძლებლობა. გადავედით ახალ სტუდიაში, სადაც ჩვენს მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ ბევრ საინტერესო სიახლეს, ულამაზეს გარემოს და იმ აურას, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა მოცეკვავისთვის,“– აღნიშნავს გიორგი გაჩეჩილაძე.
ახალი დარბაზის გარდა, შეიცვალა სწავლების მეთოდიკაც, დაიწყო ონლაინ ტურნირების სერია, სტუდიამ შემოიერთა ბევრი სხვადასხვა და პოპულარული მიმდინარეობა, როგორიცაა ჰიპ-ჰოპი, ტანვარჯიში, კლასიკა, იოგა, სოციალური ცეკვები და ზუმბა. COVID19-ის გამო, არ ჩატარებულა საქართველოს თასი, საქართველოს ჩემპიონატი, „თელას თასი“, ასევე მოცეკვავეებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში.
„ბევრი გეგმა შეგვეცვალა, მაგრამ ვცდილობთ მოვერგოთ რეალობას, რომელიც ამ მომენტისათვის მსოფლიოშია შექმნილი. მეორე ტალღა, როგორც ჩვენთვის ასევე ბევრი სხვა სტუდიისთვის დამანგრეველი იქნება. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა, როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ. სფეროს პერსპექტიულობას რაც შეეხება, ბევრი განხრა არსებობს და სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, შესაძლებელია წარმატების მიღწევა,“– აღნიშნავს „თელას“ ხელმძღვანელი.
ფოტო: Art Films Studio