საზოგადოება
20/08/2020

ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში უკვე 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე თვეა, გრძელდება პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, თუმცა, ამავე დროს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი.

გახარიას თქმით, საარჩევნო პროცესიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

ამასთან,საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების მხარდაჭერის სოციალური პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი ციფრებია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომლის მიზანიც ბავშვების მხარდაჭერაა“, -აცხადებს გახარია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხანდახან ის  სამწუხარო მოვლენებსაც ხვდება. „მე გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, თუმცა, მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხაზგასმით ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, ლიბერთი ბანკი, ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე, მათ მიეხმარება სწარფად, მაქსიმალურად, რათა ეს განაცხადები შეავსონ. ამასთან ერთად, მინდა, გითხრათ, რომ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარებების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ყველა იმ ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, ჩვენ აღარ შევხვდებით“, – განაცხადა გახარიამ.

Businesspartner