ბასლეინებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა ხვალიდან ისევ იკრძალება
8 თებერვლიდან ავტობუსის მოძრაობის აღდგენის ფონზე, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა კვლავინდებურად იკრძალება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ფონზე, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები იყო და სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
"ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან", - განმარტავენ თბილისის მერიაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.