საზოგადოება
25/08/2023
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება - ბიუჯეტი ₾87.8 მლნ-ია
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, სამშენებლო ობიექტზე ინერტული მასალის შეტანა, ყრილის მოწყობა, სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და კერძო ნაკვეთებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის რკინა-ბეტონის სარწყავი არხების მშენებლობა მიმდინარეობს.
ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორსა და მიმდებარე სოფლებში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
სამშენებლო სამუშაოები, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 87.8 მილიონ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, ბაკურციხე-წნორის ახალი გზა ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა შევიდეს. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ,გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა.