საზოგადოება
18/04/2022

აზარაშვილი: პანდემიის პერიოდში სამედიცინო სექტორი მილიარდ ლარზე მეტით დავაფინანსეთ

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში, მოქალაქეების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თვალსაზრისით სამედიცინო სექტორი 1 მილიარდ ლარზე მეტით დაფინანსდა. 

"პანდემიის პერიოდში ჩვენ 1 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება გავწიეთ ამ სექტორის. ეს ის თანხაა, რომელიც პანდემიის პერიოდში საკმარისია იმისთვის, რომ სწორი მიმართულება და სწორი ბიზნეს მოდელი აირჩიოს, როგორც კერძო კლინიკებმა, ასევე სახელმწიფო კლინიკებმა. დღეს ვართ სამართლიან მოდელამდე, როდესაც ფაქტიური დანახარჯების მიხედვით, სახელმწიფო იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ თავის მოქალაქეებს სრულად დაუფინანსოს კოვიდ მკურნალობის ხარჯი. აქედან გამომდინარე, ფაქტიური დანახარჯებით, რასაც კლინიკები წარმოგვიდგენენ, იმის მიხედვით ვანაზღაურებთ თანხასაც",- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

მისივე თქმით, კლინიკებთან კომუნიკაცია მის მოადგილეებს ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ. 

"თითქმის ყოველ დღე სამინისტროში, ჩემს მოადგილეებს სექტორთან კომუნიკაცია აქვთ. ჩემს მოადგილეებს სრული დელეგირება აქვთ, როგორც ფინანსურ ნაწილზე, ასევე სამედიცინო ნაწილზე და მათთან ერთად საკმაოდ დეტალურად იხილავენ იმ საჭიროებებს და თანადგომას, რაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიჩინოს. როგორი უნდა იყოს კლინიკების მოწყობა, მათი ბიზნეს მოდელი, ეს მათი გადასაწყვეტია. იმ მოცემულობით, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და იქნება ხარისხიან მომსახურებაზე დამყარებული, ჩვენ იმ ფასს გადავიხდით",- განაცხადა მინისტრმა.