ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყო
ისნის რაიონის გამგეობამ ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოების შესრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ, რადგან აქამდე მათ სარკინიგზო ლიანდაგზე გადასვლა უწევდათ.
"ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელანიის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო. დღესასწაულების დროს, პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილია", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 684 857 ლარი დაიხარჯა.