საზოგადოება
01/03/2021

"არ არის სწორი, რომ Covax-ის მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ" - რატომ შეფერხდა ვაქცინის მიღება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არასწორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით საქართველოში ვაქცინაციის პროცესი იმიტომ დაგვიანდა, რომ ქვეყანამ მოთხოვნილი კრიტერიუმები სრულად ვერ დააკმაყოფილა.

"ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად. ის, რაც წერია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იკითხება ასე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმები, რომელიც დააყენა Covax-მა. ეს არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ისგან. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ Pfizer-ისგან დასტურის მიღების შემდეგ ჩვენ გვქონდეს საბოლოო შეთანხმება. Covax კი გააკეთებს განმარტებას იმაზე, თუ რატომ მოხდა მათი განცხადების ასეთი ინტერპრეტაცია",- აღნიშნა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო Covax-ის პლატფორმისგან განმარტებებს ელოდება. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანება ქართული მხარის შეფერხებით არის გამოწვეული. კერძოდ, "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა Covax-ის წარმომადგენლების პასუხი კითხვაზე, რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის პირველი დოზების შემოტანა. "ინტერპრესნიუსის" მიხედვით, კითხვაზე პასუხად Covax-ში ამბობენ, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებიც მოთხოვნილ კრიტერიუმებს სრულად შეესაბამებოდნენ.