აპლიკაცია Beauty Lab 12 საათში App Store-ის ტოპ სამეულში მოხვდა
აპლიკაცია Beauty Lab Booking-ი 12 საათში App Store-ის ტოპ სამეულში მოხვდა და 2 დღეში ათასობით მომხმარებელი შეიძინა.
როგორც იდეის ავტორი და Beauty Lab-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, აპლიკაციის გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთში იმდენად ბევრმა ადამიანმა გადმოწერა აპლიკაცია ერთდროულად, რომ ამხელა “ტრეფიკისთვის” მზად არ ყოფილან და დაახლოებით 1 საათი ტექნიკური შეფერხებაც კი იყო, თუმცა 12 საათში აპლიკაცია App Store-ის ტოპ ჩარტებში მესამე ადგილაზე მოხვდა. გაშვებიდან ზუსტად 2 დღის შემდეგ აპლიკაციას დღეს უკვე რამდენიმე ათასი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
მისივე თქმით, Beauty Lab Booking-ის აპლიკაცია ერთი მხრივ მომხმარებლებს უმარტივებს სასურველი პროცედურის და სალონის ძიების პროცესს და უზოგავს დროს ჯავშნის გაკეთებისას, აძლევს ექსკლუზიურად აპლიკაციის კლიენტებისთვის გაკეთებული ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალებას, მეორე მხრივ კი სილამაზის სალონებსა და ესთეტიურ ცენტრებს ეხმარება შემოსავლის გაზრდაში, ახალი კლიენტების მოზიდვასა და საშუალებას აძლევს შიდა პროცესები მარტივად მართონ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.
“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ აპლიკაცია მინიმალური რაოდენობით გაგვეშვა, რათა ყველა პრობლემის მოგვარება და აღმოფხვრა სწრაფად მოგვეხერხებინა. ფაქტობრივად, აპლიკაციაში დარეგისტრირებულ 15 სალონთან ერთად გავდივართ სატესტო რეჟიმს. თუმცა, მოლაპარაკება 100-მდე სალონთან გვაქვს და ვაპირებთ, რომ ნელ-ნელა ყველა რეგიონიდან დავამატოთ სალონები. უკვე დავიწყეთ მუშაობა აპლიკაციის შემდეგ ვერსიაზე, ვაპირებთ ეტაპობრივად მოვიცვათ საქართველოს ყველა რეგიონი და შემდეგ საზღვრებსაც გავცდეთ,“ - აღნიშნავს ქეთა ბაღაშვილი.
მისი თქმით, Beauty Lab-ის აპლიკაციამდე 3 წლის წინ შეიქმნა Beauty Lab-ის ფეისბუკ ჯგუფი, რომელიც ქართველ ქალებს სილამაზესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაში, რეკომენდაციების მიღებასა და თავის სწორად და ეფექტურად მოვლის სწავლაში ეხმარება.
“გარკვეულ ეტაპზე, სწორედ ჯგუფის წევრი ქალების პრობლემების მოსმენის შემდეგ და სალონური მომსახურებების უფრო ახლოს და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა სილამაზის სალონებში ონლაინ ჯავშნის სისტემა. ზუსტად ერთი წლის წინ განაცხადი შევიტანეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტის პროგრამაზე და 100 000 ლარი მოვიგეთ. ამ გამარჯვებამ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეცვალა ჩვენთვის. მოგვეცა საშუალება, დაგვეწყო აპლიკაციის დეველოპინგის პროცესი და ჩვენი იდეისთვის ხორცი შეგვესხა,” - ამბობს Beauty Lab Booking-ის დამფუძნებელი.
აპლიკაციის გადმოწერა როგორც App Store-იდან, ასევე Play Store-იდან არის შესაძლებელი. გადმოწერის შემდეგ მარტივი რეგისტრაციის გავლით მომხმარებლები შეძლებენ ნებისმიერი პროცედურის ონლაინ დაჯავშნას.
რაც შეეხება სალონებს, სურვილის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ Beauty Lab-ის გუნდს, სადაც დეტალურად აუხსნიან სისტემის მოხმარების წესებს, პირობებს და დაარეგისტრირებენ, რომ პროგრამაში მუშაობა უპრობლემოდ შეძლონ.