ანაფილაქსიური შოკების პრევენციისთვის ჯანდაცვამ ახალი პროტოკოლი შეიმუშავა
ანაფილაქსიური შოკის რისკების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახალი პროტოკოლი შეიმუშავა.
"ანაფილაქსიური შოკის მართვა ეს ყველაზე ბაზისური უნარჩვევაა, რაც ყველა ექიმს აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ალერგოლოგების მონაწილეობით მოამზადეს კიდევ დამატებით ახალი პროტოკოლი, სადაც ძალიან დეტალურადაა აღწერილი როგორ უნდა მოხდეს ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასება და რა შემთხვევაში, რა ქმედება უნდა განხორციელდეს. მთავარი ინტერვენცია ეს არის მედიკამენტური მკურნალობა ადრენალინით, რაც ასევე მარტივად ხელმისაწვდომია და ყველა აცრის კაბინეტს ადრენალინი აქვს",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, 27 წლის ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოკვლევას აწარმოებს. "ამასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფი კიდევ ატარებს დამატებით მოკვლევას. მაგრამ პროტოკოლში მითითებული ინტერვენციები ჩვენ გუშინდელ დასკვნაში უკვე არის აღწერილი, როგორც ჩატარებული ინტერვენცია და პასუხი იმ რეაქციაზე, რაც აღინიშნა ვაქცინაციის ჩატარებიდან ძალიან მალე",- განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.