საზოგადოება
28/09/2020

ახალი გაიდლაინი - სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში COVID ინფიცირებული გადამდები აღარ არის

სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში COVID ინფიცირებული ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის, - ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის ახალი გაიდლაინები საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააცნო.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ახალი რეკომენდაციები მიიღო როგორ უნდა შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.

"მსოფლიოში უკვე შეცვლილია რეკომენდაციები და ჩვენ განვიხილეთ ახალი სქემა, რომელიც  აისახება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში", - განმარტა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება ითვლება გამოჯანმრთელებულად.

სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა 13 დღეა, აქედან 10 დღე სიმპტომების პერიოდია, 3 დღე უსიმპტომო.

"ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც მე-14-15-ე დღეს, თუ ბოლო სამი დღე სიმპტომებისგან თავისუფალია, აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.