საზოგადოება
14/04/2022

ახალი დაცული ტერიტორიების შესაქმენლად გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში კვლებები ჩატარდება

2022 წლის გეგმაა, რომ რაჭასა და შიდა ქართლში დაცული ტერიტორიები შეიქმნას. ამასთან, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, კვლევები ჩატარდება გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. 

"ბოლო წლებში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და არსებულის გაფართოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი 300 000 ჰა-თი გაიზარდა და დაახლოებით 800 000 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია. შედეგად, დღეს უკვე საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ეკოტურისტული პროექტების განხორციელება დაცულ ტერიტორიებზე. დაახლოებით 1800კმ-ს ბილიკი არის მოწყობილი და აქტიურად გრძელდება ეს სამუშაოები, რომლისთვისაც მიმდინარე და მომავალ წელს 30 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. 

"დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარება, ეკოტურიზმის განვითარება და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ეკოტურისტულ საქმიანობაში, ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ეკოტურისტრული სერვისების მიწოდება, რაც ადგილობრივების ეკონომიკური შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას იწვევს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.