აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფა-ბარების მფლობელებს მერია ვადას 24 აგვისტოს ჩათვლით აძლევს
თბილისის მერია მიმართავს აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფა-ბარების მფლობელებს, 24 აგვისტოს ჩათვლით მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს აქვთ გაკეთებული, შეუძლებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ვიძლევით გონივრულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა, რათა ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს არც ქვეითებისთვის, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის, არც სახანძროსთვის და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვადის გასვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
"ჩემი ინფორმაციით, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რათა მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ტყუილია. ჩვენთვის, როგორც თქვენ და თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე. ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია, როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზადაა თანამშრომლობისთვის. გონივრული ვადა დასასრულს უახლოვდება. გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტოს ჩათვლით, თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები, არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია, უნდა ვიმოქმედოთ და ტერიტორია მოვაწესრიგოთ, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს, ამდენი თანხა დაიხარჯა, ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და დღეს არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.