2022 წელს წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა
"საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.96 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მილიონი) აღემატება 3.1%-ით.
2022 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.49 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 39.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.36 მილიონი) აღემატება 9.6%-ით.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 27 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 208.0 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1.0%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (210.1 კუბური მეტრი). 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.67 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 71.5%), რაც 1.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.63 მილიონი ადამიანი).