2020 წლის ბოლოს საქართველოში უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა.
2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 %-ს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1.0 პროცენტული პუნქტით.
როგორც საქსტატში აცხადებენ, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.5%-ს, ხოლო
კაცებში 62%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.8 და 1.7 პროცენტული პუნქტით.