საზოგადოება
17/03/2022

"2008 წელს დიდი ფასი გადავიხადეთ, მაშინ მსოფლიო ლიდერებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ის ტრაგედია, რაც ახლა უკრაინაში ხდება. დღესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია. 

ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური სანქციების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო ლიდერებს რუსეთისთვის არავითარი სანქცია არ დაუწესებიათ. 

"საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი. ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესდა მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მე მინდა გავიხსენო პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტერაციასთან დაკავშირებით.

აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ - ახალი სავაჭრო ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია. უფრო მეტიც, მაშინდელმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, ომის შემდეგ სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ასევე მოუხსნა ცალმხრივად სავიჟო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი მოხდა ომის შემდეგ. შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან. ჩვენი მოქალაქეების გატაცება მიმდინარეობს, მათი დროებით ციხეში ჩასმა, სამწუხაროდ გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებთ რამხელა ტრაგედია ხდება უკრაინაში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან მათეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, სოლიდარულია მის მიმართ. 

"ჩვენი საერთო სურვილია, ეს ომი დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.