საზოგადოება
10/02/2021

₾200-იან კომპენსაციას საარჩევნოდ ცესკო-ში დროებით დასაქმებულებიც მიიღებენ

200-ლარიან კომპენსაციას საარჩევნოდ ცესკო-ში დროებით დასაქმებულებიც მიიღებენ.

მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის პირობებს, მაგრამ მათზე განაცხადების წარდგენა ვერ განხორციელდა, დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო.

ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით , რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1-ლი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან სერვისცენტრებში მიუსვლელად.

ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველი 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.

 

Businesspartner