საზოგადოება
12/10/2022

16 შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის საშუალებით ახალგაზრდებს მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს სთავაზობს:

სტუდენტებისთვის

Erasmus+

ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის საშუალებით მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს გთავაზობთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე – გაცვლები იქნება იმ პროგრამის ნაწილი, რომელშიც სტუდენტი მონაწილეობს და შეიძლება გაგრძელდეს ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე. თანაც, ხარჯების დაფარვა თავად არ მოგიწევთ! როგორც Erasmus+ სტუდენტი, თქვენ არ გადაიხდით სწავლის საფასურს და მიიღებთ Erasmus+ გრანტს მგზავრობისა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. ასევე შესაძლებელია განაცხადის შეტანა Erasmus+ სტიპენდიაზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.  გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიმართეთ თქვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს. იქ დაგაკვალიანებენ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს თქვენი სპეციალობის მიმართულებით და სააპლიკაციო პროცესშიც დაგეხმარებიან.

მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, შეამოწმეთ Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კატალოგი, რომელშიც თავმოყრილია მომდევნო აკადემიური წლისათვის (ამჟამად სიაში 163 კურსია) Erasmus-ის სასტიპენდიო კურსების ჩამონათვალი, შემდეგ კი დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს შერჩეულ სასწავლო პროგრამაზე და სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ევროპის კოლეჯის სტიპენდიები

ევროპის კოლეჯი საქართველოს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს დიპლომისშემდგომი განათლების მისაღებად მრავალ სტიპენდიას სთავაზობს. ამასთან, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის EU4Youth პროგრამის მიერ დაფინანსებული სტიპენდიებიცაა ხელმისაწვდომი. 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება 2022 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება. გირჩევთ, ახლავე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია საიტზე coleuropenatolin.eu, რათა არ გამოგეპაროთ განაცხადების მიღების დაწყება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების ჩვენება და სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა. ამჟამად ქსელი 34-ზე მეტი ქვეყნიდან 500-ზე მეტ ახალგაზრდა ევროპელ ელჩს აერთიანებს, რომელთაგან 77 ელჩი საქართველოდანაა (მათი გაცნობა აქ შეგიძლიათ). ქსელში ჩართვა შეუძლიათ 16-იდან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ სახალხო დიპლომატია და სურთ თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. განაცხადები ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომაზე მიიღება.

სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების და მოხალისეებისთვის

Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები

ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრებმა ათასობით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა Erasmus+ პროგრამის ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებში (გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები, დებატები, მოხალისეობა). Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია 13-იდან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას. თითოეული პროექტი 5-იდან 21 დღემდე გრძელდება. ეს გაცვლები ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით წარმოებს და ცალკეულ ინდივიდებს განაცხადის პირდაპირ შეტანა არ შეუძლიათ. 

ევროპის სოლიდარობის კორპუსი

საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილების მიღების ერთ-ერთი გზა ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვაა. ეს გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნოთ განსხვავებულ კულტურას, შეიძინოთ ახალი მეგობრები და, ამასთან, დაეხმაროთ ადამიანებს და აითვისოთ ახალი უნარები.

მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართველად თქვენ უნდა იყოთ 17-იდან 30 წლამდე ასაკის და უნდა გქონდეთ ორი კვირიდან 12 თვემდე პერიოდის საზღვარგარეთ გატარების სურვილი. მოხალისეობრივი პროექტები ხორციელდება როგორც ევროკავშირში, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებში. საქმიანობა კი შეიძლება შეეხებოდეს სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა: კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ბავშვები, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ცხოველთა ან გარემოს დაცვა. სააპლიკაციო პროცესის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ხელმისაწვდომ შესაძლებლობათა გასაცნობად ეწვიეთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალს.

სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები

ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და აქტივისტებს საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მხარს თავისი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების პროგრამით უჭერს. პროგრამა ყოველწლიურად სამოქალაქო საზოგადოების იმ 20 აქტივისტს ეხმარება, რომლებიც თავიანთი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ამ მიზნით მათ უტარდებათ ინდივიდუალური ტრენინგები, ასევე ეძლევათ 5,000 ევროს ოდენობის გრანტი და პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. პროგრამის 2017 წელს დაწყების პერიოდიდან დღემდე შერჩეული სტიპენდიატებისა და მათი ინტერესის სფეროების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია აქ შეგიძლიათ იხილოთ. განაცხადები, რომელთა შეტანაც ამჟამად 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომაზე მიიღება. პროგრამასთან დაკავშირებული განახლებები იხილეთ აქ.

EU4Youth-ის კურსდამთავრებულთა ქსელი

EU4Youth-ის კურსდამთავრებულთა ქსელი აერთიანებს (18-იდან 30 წლამდე) ბენეფიციარებს Erasmus+ პროგრამის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ახალგაზრდული პროგრამებიდან, ასევე EU4Youth-ის საგრანტო პროექტებიდან, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელიდან და იმ სხვა რეგიონული პროგრამებიდან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებზეა მიმართული. ქსელის წევრები ამყარებენ კონტაქტებს საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან და ეხმარებიან მათ, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობასა და ევროკავშირის მობილობის პროგრამებში. განაცხადები წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, შემოდგომაზე მიიღება. თითოეული ქვეყნიდან 10-თვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 15-მდე კურსდამთავრებული ირჩევა.

მოძრავი უნივერსიტეტი

მოძრავი უნივერსიტეტი სამოქალაქო განათლების პლატფორმაა. ის საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNA Georgia) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS), ფარგლებში დააარსა. ინიციატივის მეშვეობით, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს უტარდებათ ლექციები (დღეისათვის უკვე 60-ზე მეტი) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა და გენდერული თანასწორობა. გარდა ამისა, ახალგაზრდებს აწვდიან ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების თუ მოლოდინებისა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ. იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უახლესი შესაძლებლობები, თვალი ადევნეთ საქართველოს გაეროს ასოციაციის Facebook გვერდს.

სკოლის მოსწავლეებისთვის

Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები

Erasmus+ პროგრამა მხოლოდ სტუდენტებისთვის არ არის: მის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება სკოლის იმ მოსწავლეებსაც შეუძლიათ, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 13 წელი. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს სემინარებს, სავარჯიშოებს, დებატებს, როლურ თამაშებს, ღია ცის ქვეშ გამართულ აქტივობებს და ბევრ სხვა ღონისძიებას. ეს გაცვლები ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით წარმოებს და ცალკეულ ინდივიდებს განაცხადის პირდაპირ შეტანა არ შეუძლიათ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა

თბილისში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში — მცხოვრებ მოსწავლეებს ორწლიან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამას სთავაზობს. ევროკავშირი ახალგაზრდებს უზრუნველყოფს სრული სტიპენდიით, რომელშიც შედის სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადი და არდადეგებზე შინ დასაბრუნებლად საჭირო სამგზავრო ხარჯები. სკოლაში ყოველ სასწავლო წელს 35 მოსწავლეს იღებენ, ამიტომ პროგრამაზე მოხვედრის მსურველებს კონკურსის გავლა უწევთ.

პროგრამის 2018 წელს დაწყებიდან დღემდე, სტიპენდია 145-მა მოსწავლემ მიიღო. მათ სკოლა საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით დაამთავრეს და სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელეს. მოსწავლეთა მომდევნო ნაკადი საერთაშორისო ბაკალავრიატის 2023-2025 წლების პროგრამისთვის შეირჩევა.  

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივაში ახალგაზრდები 16 წლის ასაკიდან მიიღებიან. ასე რომ, თუ გაინტერესებთ ევროკავშირი და მისი ფასეულობები, გსურთ ახალი უნარების ათვისება და ახალი მეგობრების შეძენა, შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი და ქსელში გაწევრიანდეთ. ქსელი აერთიანებს 500-ზე მეტ ახალგაზრდას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. გაითვალისწინეთ, რომ 16-17 წლის კანდიდატებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ონლაინ ან მათ ქვეყანაში ჩატარებულ ღონისძიებაში და საერთაშორისო მოგზაურობებში წასვლის უფლება არ აქვთ. განაცხადები ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომაზე მიიღება.

სტაჟირების და ტრენინგის მსურველთათვის

Erasmus+ პროგრამის სტაჟირებები

Erasmus+ პროგრამა ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს (დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში) საზღვარგარეთ საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს. სტაჟირება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სამეცნიერო ხარისხს და შეძლებისდაგვარად ინტეგრირებული უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში. ამის გათვალისწინებით, საჭიროა არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება საკუთარ უნივერსიტეტთან. სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ორი თვიდან თორმეტ თვემდე, ხარჯების დაფარვა კი Erasmus+ პროგრამის გრანტითაა შესაძლებელი.

სტაჟირებები ევროკომისიის სტრუქტურებში (Blue Book traineeships)

წელიწადში ორჯერ ევროკავშირი დაინტერესებულ პირებს ევროკომისიაში, მის სამსახურებსა და სააგენტოებში ხუთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებებს სთავაზობს. სტაჟირების გავლა, მეტწილად, ბრიუსელში, მაგრამ ასევე ლუქსემბურგსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიცაა შესაძლებელი. კონკურსი, ძირითადად, ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ევროკომისია შეზღუდული რაოდენობის ადგილებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც სთავაზობს. განაცხადის შეტანა შეგიძლიათ, თუ ხართ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნებისმიერ დისციპლინაში და არ გაქვთ ექვს კვირაზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში, სააგენტოებსა თუ წარმომადგენლობებში. ამასთან, აუცილებელია ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. გაიგეთ მეტი.

შუმანის სახელობის სტაჟირებები ევროპარლამენტში

 

წელიწადში ორჯერ ევროპარლამენტი დაინტერესებულ პირებს — მათ შორის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ კანდიდატებს — თავის სამდივნოში სხვადასხვა სახის სტაჟირებებს სთავაზობს. სტაჟირება ხუთთვიანია და მიიღება ნებისმიერი პირი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი და აქვს უნივერსიტეტის დიპლომი. შუმანის სახელობის სტაჟირებების მიზანია, ახალგაზრდებს პროფესიული განათლება შესთავაზოს და ევროპარლამენტის საქმიანობა გააცნოს. განაცხადების შეტანა წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი — მაისის ან ოქტომბრის ბოლომდე. დამატებითი ინფორმაციის მიღება აქ შეგიძლიათ.

ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

ევროკავშირი ბიზნესისთვის (EU4Business)

თუ უკვე ფლობთ ან ახლა იწყებთ მცირე ბიზნესს, EU4Business ინიციატივა თქვენი წამოწყების ტიპისა და მასშტაბის შესაფერის სესხებს და გრანტებს გთავაზობთ. გარდა ამისა, ის მოგამარაგებთ რეკომენდაციებით და გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც თქვენი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეწვიეთ EU4Business ინიციატივის ვებსაიტს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია პარტნიორი ბანკების და იმ პროექტების შესახებ, სადაც განაცხადის შეტანა შეგიძლიათ. აქვეა ხელმისაწვდომი წარმატების ისტორიები, საიდანაც ინიციატივის ბენეფიციარების გამოცდილებას გაეცნობით.

ახალგაზრდობის პლატფორმა

პროექტმა, უნარები წარმატებისთვის, ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა — https://youthplatform.gov.ge აამოქმედა. მასზე თავმოყრილია საგანმანათლებლო, ტრენინგის და დასაქმების ის შესაძლებლობები, რომლებსაც ახალგაზრდებს როგორც მთავრობა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები სთავაზობენ. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში (გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში და კახეთში) და თბილისში მცხოვრებ განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფ (NEET) ახალგაზრდებს ბიზნესის და დასაქმების უნარების განვითარებაში ეხმარება. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოიწვრთნენ ახალგაზრდა მუშაკები და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის ჩატარება, კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და რელევანტურ შესაძლებლობებზე ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, პროექტმა რეგიონებში ახალგაზრდული ინოვაციების ლაბორატორიები შექმნა, სადაც NEET-ახალგაზრდები, რომელთაც ტრენინგი სამეწარმეო საკითხებზე ჩაუტარდათ, მენტორების ხელმძღვანელობით ბიზნესიდეების ჩამოყალიბებაზე მუშაობენ. მაგალითები და პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები იხილეთ Facebook-ის გვერდზე: Save the Children in Georgia.

უნარების განვითარების ადგილობრივი ცენტრები

ეს ცენტრები საქართველოს ოთხ რეგიონში — აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ფუნქციონირებს. ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში დაარსდა. ცენტრები 15-29 წლის ახალგაზრდებს ბაზარზე საჭირო უნარების და კომპეტენციის გასავითარებლად შემდეგ აქტივობებს სთავაზობს: 

  • ძირითადი კომპეტენციების განვითარება; 
  • ციფრული და კომპიუტერული წიგნიერება; 
  • სამოქალაქო განათლება;
  • ინგლისური ენის კურსები;
  • ძირითადი სამეწარმეო კომპეტენციები;  
  • უწყვეტი განათლების რესურსებზე წვდომა; 
  • კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული სესიები; 
  • შერჩეული კანდიდატების პროფესიული მივლინებები; 
  • უნარების/ვაკანსიების მართვის პორტალზე წვდომა; 
  • სოციალური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სტარტაპების დაფინანსება.

აჭარის, გურიის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის ცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.una.ge/Employment_centers.

არ გამოგრჩეთ ახალი შესაძლებლობები, თვალი ადევნეთ საქართველოს გაეროს ასოციაციის Facebook გვერდს.

ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის (EU4Youth)

EU4Youth პროგრამა მალე დაიწყებს პროექტების სერიას, რომლის მთავარი მიზანიც სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებში ციფრული, სოციალური მეწარმეობის და კარიერული მართვის უნარების განვითარებაა. ამ გზით ინიციატივა მწვანე და ციფრულ ეკონომიკაში ახალგაზრდების მეწარმეობის წვლილის გაზრდას შეუწყობს ხელს. EU4Youth პროექტების წინა ტალღის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების განმავითარებელი ასობით ღონისძიება, ახალგაზრდები ჩაერთნენ სწავლების და სტაჟირების პროექტებში, გაიმართა ტრენინგები და გაიცა გრანტები ახალი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. გარდა ამისა, გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში დაარსდა სამი სასოფლო ინოვაციური ცოდნის ჰაბი. იმისთვის, რომ არ გამოგეპაროთ უახლესი შესაძლებლობები, ხშირად ესტუმრეთ EU4Youth გვერდს.

შთაგონებას ეძებთ? გაეცანით წარმატების ისტორიებ

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების წარმატების ეს ისტორიები თქვენი შთაგონების წყაროდ იქცევა და ახალი წამოწყებებისა და იდეების დაბადებაშიც დაგეხმარებათ!

ავთომ და იზამ საკუთარი ხის საამქროს გასახსნელად მხარდაჭერა EU4Youth-ის პროექტიდან, „სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“, მიიღეს. კერძოდ, მათ ჩაუტარდათ ბიზნესტრენინგი, მათ მიიღეს კონსულტაციები მენტორებისგან და მოიპოვეს გრანტები ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოებლად.

ნინომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა დაამთავრა და მოიპოვა სტიპენდია სან-ფრანცისკოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესასწავლად.

თინათინმა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი კოპენჰაგენში გაატარა. „დანიაში სწავლა იყო გამოცდილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“, — ამბობს ის.

მარიამს და იურის ტრენინგი პროექტის, ნარები წარმატებისთვის, ფარგლებში დაარსებული ახალგაზრდული ინოვაციების ლაბორატორიაში ჩაუტარდათ. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარათ ბიზნესის წამოწყებაში, რომლის მიზანიც ორგანული ნარჩენების საკვებად გადამუშავებაა.