ცოლ-ქმარი, რომელიც "ტიტანით" მოგზურობას 2016 წლიდან ელოდებოდა, თანხის დაბრუნებაზე დავას წყვეტს
ფლორიდელმა წყვილმა უკან გაიწვია სარჩელი OceanGate-ის დირექტორის სთოქთონ რაშის წინააღმდეგ, რომელიც წყალქვეშა აპარატის „ტიტანის“ კატასტროფას ემსხვერპლა.
წყვილი სარჩელით მოითხოვდა 210 ათასი დოლარის დეპოზიტის დაბრუნებას, რომელიც მათ კომპანია OceanGate-ს „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას წყალქვეშა ექსკურსიაში მონაწილეობისთვის ჰქონდათ გადახდილი.
ჰეიგლების დავა OceanGate-თან 2016 წელს დაიწყო, როდესაც მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს და თანხაც, გარანტიის სახით, გადაიხადეს იმ იმედით, რომ გახდებოდნენ კომპანიის წყალქვეშა აპარატის ერთერთი პირველი კომერციული მგზავრები.
სარჩელის თანახმად, 2017 წლის შუა პერიოდში წყვილს გაუჩნდა ეჭვები, რომ წყალქვეშა გემი, რომელიც მაშინ ცნობილი იყო Cyclops 2-ის სახელით, დათქმული თარიღისთვის გასამგზავრებლად მზად ვერ იქნებოდა.
სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ჰეიგლებს სურდათ ექსპედიციიდან გასვლა და მოითხოვდნენ თანხის ანაზღაურებას 20 ათასი დოლარის ოდენობით.
მათი მტკიცებით, რაში მათ 2017 წლის სექტემბერში ფლორიდაში, სახლში ესტუმრა და დაარწმუნა, რომ წყალქვეშა მოგზაურობა გეგმის მიხედვით შედგებოდა.
მათი მონათხრობის თანახმად, რაშმა აღუწერა, რა თავგადასავალი ელოდათ წინ.
წყვილის მტკიცებით, 2018 წელს ისინი იძულებულინ გახდნენ, შეეტანათ გირაო 210 258 დოლარის ოდენობით, რათა დაეჯავშნათ ორი ადგილი „ტიტანზე“.
ამის შემდეგ ექსპედიცია რამდენჯერმე გადაიდო, 2019 წელს კი, როცა წყვილმა თანხის დაბრუნება მოითხოვა, მათ უთხრეს, რომ უნდა დათანხმდნენ „ტიტანით“ წყალქვეშ მოგზაურობას 2021 წელს. ჰეიგლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ OceanGate-ი მათ დეპოზიტს ცალკე ანგარიშზე არ ინახავდა.
მას შემდეგ კი, რაც დადასტურდა, რომ რაში ატლანტის ოკეანეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, წყვილმა განაცხადა, რომ მსხვერპლთა „პატივი, პატივისცემა და ღირსება“ მათ განცხადებაზე მნიშვნელოვანია.
რაში დაიღუპა პაკისტანელ ბიზნესმენთან და მის შვილთან შაჰზად და სულემან დავუდებთან, ბრიტანელ მილიარდერ ჰემიშ ჰარდინგთან, ასევე ცნობილ ფრანგ დრაივერ პოლ-ანრი ნარგოლესთან ერთად, „ტიტანით“ „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას წყალქვეშა მოგზაურობისას, რომელზეც ჰეიგლები წლების განმავლობაში ოცნებობდნენ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის თანახმად, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილებია აღმოჩენილი. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნაპოვნ ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები ზღვის ფსკერიდან მაშველებმა სენტ ჯონსში ამოიტანეს.
შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 18 ივნისს გაუჩინარდა. ნავში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარების მიზეზი „ტიტანის“ აფეთქება გახდა, რის შემდეგაც ხუთივე ადამიანი დაღუპულად გამოაცხადეს.