TikTok-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აპლიკაციის აკრძალვა არაკონსტიტუციურია
TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შუ ზი ჩიუ აცხადებს, რომ აშშ-ს მონტანას შტატის მიერ აპლიკაციის აკრძალვა არაკონსტიტუციურია.
TikTok-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მისი კომპანია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აპროტესტებს, აუცილებლად გაიმარჯვებს.
ჩინურმა კომპანიამ სარჩელი მონტანას გადაწყვეტილების წინააღმდეგ 22 მაისს შეიტანა. გადაწყვეტილება გულისხმობდა შტატში TikTok-ის ოპერირების აკრძლავას, რათა მოსახლეობა დაცული ყოფილიყო ჩინეთის მიერ სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისგან.
„ჩვენ გვჯერა, რომ მონტანას კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღეს, უბრალოდ არაკონსტიტუციურია. ჩინეთის მთავრობას არასოდეს მოუთხოვია ჩვენთვის აშშ-ს მომხმარებლის მონაცემები და ჩვენ არ მოგაწოდებთ მაშინაც კი, თუ მოთხოვნილი იქნება “, - განაცხადა ჩიუმ „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე.
აშშ-ს კანონმდებლები და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია ითხოვენ ქვეყნის მასშტაბით ვიდეო გაზიარების აპლიკაციის აკრძალვას. მას 150 მილიონზე მეტი ამერიკელი იყენებს და აშშ-ში შეშფოთებას გამოითქვამენ ჩინეთის მთავრობის პოტენციური გავლენის გამო.
ჩიუს განცხადებით კი, მისი კომპანია ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე ინახავს, რომელიც ამერიკული კომპანიის Oracle-ის მიერაა მოწოდებული.
„TikTok ორი წელია მუშაობს პროექტზე, რომელსაც ვუწოდებთ Project Texas და გულისხმობს აშშ-ის მომხმარებლის მონაცემების ამერიკულ მიწაზე შენახვას, და შემდგომში, მასზე ამერიკელი მუშაკების ზედამხედველობის გაწევას“ - განაცხადა შუ ზი ჩიუმ.
მარტში კონგრესის კომიტეტმა ჩიუ გამოკითხა იმის შესახებ, შეეძლო თუ არა ჩინეთის მთავრობას მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა ან გავლენის მოხდენა იმაზე, თუ რა კონტენტს ნახავენ ამერიკელები აპლიკაციაში.
თუმცა, მოწოდებები აკრძალოს TikTok აშშ-ის მასშტაბით ან ბაიდენის ადმინისტრაციას მიენიჭოს უფლებამოსილება აკრძალოს TikTok აპლიკაცია, კონგრესში წინ არ წასულა.
ვიდრე სასამართლო ჩინური კომპანიის საპროტესტო სარჩელს განიხილავს, მონტანას შეუძლია TikTok-ს თითოეული დარღვევისთვის 10,000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესოს და ასევე დააკისროს დამატებითი ჯარიმები 10,000 აშშ დოლარის ოდენობით დღეში, თუ ის აკრძალვას რაიმე ფორმით დაარღვევს.
კანონი არ აწესებს ჯარიმებს TikTok-ის მომხმარებლებითვის. ამასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ უზრუნველყოფს მონტანა TikTok-ის აკრძალვის აღსრულებას.