Tesla-ს დამფუძნებელი პეკინში ჩავიდა - ჩინეთი ილონ მასკის ვიზიტს მიესალმება
ილონ მასკი ჩინეთშია. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის კერძო თვითმფრინავი პეკინში 30 მაისს ჩაფრინდა.
ბიზნეს მაგნატი ჩინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება და ეწვევა Tesla-ს შანხაის ქარხანას.
მასკის ეს მოგზაურობა პირველი დაბრუნებაა ჩინეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საზღვრები ხელახლა გახსნა და ნულოვანი COVID-ის პოლიტიკა შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანას მარტში უკვე სტუმრობდა Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი. მიმდინარე კვირაში კი, ჩინეთში იმყოფებიან JP Morgan-ის ხელმძღვანელი ჯეიმი დიმონი და Starbucks-ის დირექტორი ლაქსმენ ნარასიმჰანი.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი პეკინში დაშვებიდან რამდენიმე საათში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განგს შეხვდა.
მინისტრმა მას უთხრა, რომ ჩინეთი მზად არის გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო ინვესტორებისთვის, მათ შორის Tesla-სთვის. მისივე თქმით, პეკინი მიესალმება მასკს და სხვა ბიზნეს ლიდერებს, და ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.
ჩინეთი Tesla-ს სიდიდით მეორე ბაზარია აშშ-ს შემდეგ, ხოლო შანხაიში მდებარე ქარხანა ელექტრომანქანების მწარმოებლის უდიდესი საწარმოო ცენტრია.