"SpaceX-ის სარაკეტო სისტემა სრულიად რევოლუციურია"
ილონ მასკის SpaceX-მა შემდგომი თაობის საკრუიზო ხომალდი Starship წარმატებით გაუშვა.
რაკეტა, რომელსაც თავზე Super Heavy გამაძლიერებელი ჰქონდა დამაგრებული, ეკიპაჟის გარეშე სატესტოდ გაფრინდა. ეს პროცესი 4 წუთის შემდეგ, ცაში აფეთქებით დასრულდა.
SpaceX იმედოვნებდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ეს იქნებოდა 90 წუთიანი სადებიუტო ფრენა კოსმოსში.
მიუხედავად ამისა, SpaceX-ის წარმომადგენლებმა ფაქტი სიხარულით აღნიშნეს და მიწიდან სუფთა გაშვებისთვის სრულად ინტეგრირებული Starship-ის და მისი გამაძლიერებელი რაკეტის ფრენის მოკლე ეპიზოდი წარმატებულ საცდელ ფრენად გამოცხადეს.
ასტრონავტები SpaceX-ის სარაკეტო სისტემას აღწერენ, როგორც „სრულიად რევოლუციურს“.
NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა, SpaceX-ის უფროსმა მრჩეველმა გარეტ რაისმანმა Reuters-ს განუცხადა, რომ რაკეტა ერთგვარად, "თამაშის წესების შეცვლაა" მრავალი მიზეზის გამო.
„SpaceX იმედოვნებს, რომ ადამიანებს ბევრად უფრო შორ მანძილზე გადაიყვანს ჩვენს მზის სისტემაში. მათ შორის, ერთდროულად, ბევრ ადამიანს და ბევრად უფრო ეკონომიურად. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ კოსმოსში, თანამგზავრებზე, კოსმოსურ ტელესკოპებში ტვირთის გადატანაზე. SpaceX ცდილობს გაარღვიოს ჩარჩო და სხვა ფრონტზე გავიდეს“ - აცხადებს რაისმანი.
სატესტო მისია მოიცავდა SpaceX-ის 120 მეტრიანი Starship-ის სარაკეტო სისტემის პირველ გაშვებას. თავის მხრივ, Starship რაკეტები აღჭურვილია "Super Heavy" 33 სარაკეტო ძრავით.
უჩვეულოა ისიც, რომ Starship-ის რაკეტები აგებულია უჟანგავი ფოლადისგან და როგორც ძრავას - იყენებს მეთანის გაზს, ხოლო რაკეტების უმეტესობა - წყალბადს.
”მე არ შემიძლია თვალნათლივ აღვწერო, თუ რამდენად დიდია ეს. თუ შევადარებთ SLS რაკეტას, რომელიც NASA-მ ახლახან გაუშვა, ვიტყვი, რომ SLS ყველაზე დიდი რაკეტა იყო, რომელიც ოდესმე წარმატებით გაგვიშვია - 8,8 მილიონი ფუნტი ბიძგი… Starship და მისი "Super Heavy" გამაძლიერებელი 17 მილიონი ფუნტი ბიძგითაა აღჭურვილი პირველ ეტაპზე“ - განმარტავს ასტრონავტი.
SpaceX-ის განმარტებით, მიზანია, რომ Starship-ი მრავალჯერად სატრანსპორტო სისტემად იქცეს, ეკიპაჟისა და ტვირთის დედამიწის ორბიტაზე, მთვარეზე, მარსზე და მის მიღმა გასატანად.
„ვარსკვლავურ ხომალდს, თეორიულად, შეუძლია ერთდროულად 100-მდე ადამიანის გადაყვანა. ასევე, თუ ორბიტაზე შესაძლებელი იქნება საწვავის შევსება, მაშინ მისი ძრავა საკმარისი იქნება დედამიწიდან მზის სისტემის ნებისმიერ წერტილამდე მისასვლელად“, - განაცხადა გარეტ რაისმანმა.
თუმცა, მისივე თქმით, საცდელი ფრენის წარმატებულად დასრულებისთვის უამრავი გამოწვევაა გადასალახი.
SpaceX-მა Starship-ის "Super Heavy" გამაძლიერებელი ხუთჯერ გამოსცადა - ტესტირება მოიცავდა გამაძლიერებლის აფრენას სულ რაღაც 6 მილის სიმაღლეზე. ყველა მცდელობა, გარდა ბოლო მეხუთე გამოცდისა, ადგილზე აფეთქებით დასრულდა. მეხუთე ცდაზე, წარმატებული დაშვების შემდეგ, SpaceX-მა მუშაობა დაიწყო სისტემის შემდეგი, დიდი საცდელი გაშვებისთვის.
„ის, რაშიც SpaceX ნამდვილად წარმატებულია, არის გარემოებების შექმნა - ისინი ავითარებენ მოწყობილობას უსაფრთხო წარუმატებლობისთვის. ასე რომ, თუნდაც მოწყობილობა აფეთქდეს, მასში არავინ ზის. ერთადერთი, რასაც დავკარგავთ, თავად მანქანაა. მაგრამ, ამავდოულად, მანქანების მთელი წყებაა, რომელიც მზად არის გასაშვებად“ - განმარტავს ასტრონავტი.