მსოფლიო
11/03/2022

სანქციების ეფექტი - ემუქრება თუ არა რუსეთს დეფოლტი

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია აცხადებს, რომ რუსეთი SWIFT-დან მთლიანად არ არის გათიშული, იმის მიუხედავად, რომ 2014 წელთან შედარებით უფრო რადიკალური გადაწყვეტილებებია მიღებული, კერძოდ 7 ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკი SWIFT-ის სისტემას გამოეთიშა, მათ შორის VTB ბანკი, რომელიც სიდიდით მეორეა.

"იმ ბანკებსაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ SWIFT-ის სისტემაში არიან გაეყინათ უცხოური აქტივები, რაც რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია. დანარჩენ ბანკებს საშუალება აქვთ განახორციელონ ოპერაციები. ასე ვთქვათ, სასურველ ეფექტს მსოფლიო ფინანსური თანამეგობრობა ვერ მიიღებს, თუ რუსული ბანკების უმეტესობა მაინც არ იქნება SWIFT-დან გათიშული. ზოგიერთი ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება და მათი არგუმენტი არის ის, რომ მათ SWIFT სჭირდებათ რუსულ ექსპორტთან დაკავშირებით ანგარიშსწორებისთვის. პირველ როგში, ეს ეხება ენერგომატარებლბებს და არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. სამრეწველო ლითონები, რომლის მსხვილი ექსპორტიორია რუსეთი. ეს არგუმენტი თავისთავად ნიშნავს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ძალიან დიდ სახსრებს იღებს ექსპორტის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ საექსპოეტო პროდუქციის, ნავთობის, გაზის და სამრეწველო ლითონების ფასი გაიზარდა, თუ 2021 წელს რუსეთმა ექსპორტიდან $500 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, წელს მათი მოლოდინით შემოსავალი $600-700 მლრდ-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს თავისი ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საკმარისი სავალუტო რესურსი ექნება. აქ უკვე დგება საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მეორე გადაწყვეტილება, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შესახებ, რა შემთხვევაშიც, ბანკი ვერ შეძლებს შიდა სავალუტო ბაზრის რეგულირებასა და რუბლის კატასტროფული ვარდნის შეჩერებას," - ამბობს მერაბ კაკულია.

მისივე თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს საექსპორტო საქმიანობას და აიღებს მინიმუმ $600 მლრდ-ის შემოსავალს, ამასთან, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, რომ ექსპორტიორები აიძულონ თავისი შემოსავლების 80% გაყიდონ შიდა სავალუტო ბაზარზე, გამოდის, რომ მეორე ღონისძიების ეფექტი იჩრდილება.

"თუ არ დადგა საკითხი რუსეთიდან იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ან თუ არ განხორციელდა SWIFT-დან რუსეთის მთლიანი საბანკო სისტემის გათიშვა, მაშინ ცენტრალური ბანკის აქტივების დაბლოკვა რუსეთითვის ისეთი მტკივნეული აღარ იქნება. ზუსტად, ამიტომ დააყენა აშშ-მ ასე მწვავედ რუსეთის ექსპორტზე ემბარგოს განხორციელების საკითხი. აშშ-ს დამოკიდებულება რუსული ნავთობის იმპორტზე დიდი არ არის და მთლიანი მოხმარებიდან დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეს ციფრი 27%-მდე იზრდება. სწორედ ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ შედარებით მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, მაგალითად, გერმანია თვლის, რომ მისთვის რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, ხოლო ჩანაცვლებას დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის შესახებ, რომელიც 2030 წლამდე, ეტაპობრივად, რუსული ნავთობპროდუქტებიდან და გაზისგან თავის დაღწევას გულისხმობს. ეს გრძელვადიანი გეგმაა, თუმც ამ გადაწყვეტილებამ უკვე საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა რუსული ნავთოპროდუქტების ექსპორტს. როგორც ირკვევა, პრაქტიკულად ნახევარი ნავთობპროდუქტები ახლა გზაშია და გაურკვევლ მდგომარეობაშია, რადგან თრეიდერები ცდილობენ თავი აარიდონ ბოლომდე დანიშნულების ადგილზე მიტანას ან შესყიდვას. ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის გლობალურ ეკონომიკირ ბაზარზე, თუმცა, ამასთანავე ხაზს უსვამს ერთ გარემოებას, რომ ძალიან ბერვ კომპანიას აქვს შიში არ მოყვეს სანქციებში.”-ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

მერაბ კაკულიამ ხორბლის მიმართ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არანაირი ინიციატივა არ არსებობს რომელიმე ქვეყნის მხრიდან რუსულ ხორბალზე ემბარგოს გამოცხადების შესახებ. თუმცა, რომც გამოცხადდეს, ამ პრობლემის გადაწყვეტა ისეთი რთული არ იქნება, როგორიც რუსული ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაა.

"ხორბლის მიწოდების დივერსიფიკაციის რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაც მსხვილი მიმწოდებელია და ის ალბათ ახლო მომავალში საექსპორტო მიწოდებებს ვერ განახორციელებს. შედეგად, რუსეთის როლი შეიძლება უფრო მტკიცე იყოს პარტნიორებთან სალაპარაკოდ."–განაცხადა კაკულიამ.