მსოფლიო
07/03/2023

საფრანგეთის მთავრობამ სუპერმარკეტებთან "ანტიინფლაციური" სავაჭრო გარიგება დადო

საფრანგეთის მთავრობამ ანტიინფლაციური სავაჭრო კალათა შეიმუშავა და სუპერმარკეტებთან გარიგება დადო.

პროდუქტების ანტიინფლაციური კალათა მთავრობის მცდელობაა, გამოხატოს პოლიტიკური მხარდაჭერა დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა ქვეყნის მთავარ სუპერმარკეტების ქსელებთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიზანია მომხმარებლებს გაუადვილოს სურსათის ფასების ინფლაციასთან გამკლავება.

„მოხარული ვარ გითხრათ, რომ ყველა სუპერმარკეტთან მივაღწიეთ შეთანხმებას ძირითადი სამომხმარებლო საქონლის ფასებზე, რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს დაბალი ფასები ყოველდღიურ პროდუქტებზე სამი თვის განმავლობაში" - განაცხადა ლე მერმა პრესკონფერენციაზე საცალო ვაჭრობის ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ფასდაკლებები საცალო ვაჭრობის სექტორს "ასობით მილიონი ევრო" დაუჯდება.

„ეს ანტიინფლაციური ზომები იქნება ეფექტური დამცავი ღონისძიება. ის გთავაზობთ გარანტიებს ფასების შემდგომი ზრდის წინააღმდეგ, ზომებს თავისუფლად აირჩევენ სუპერმარკეტები და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასებს შეინარჩუნებენ“ - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

ივნისიდან, საცალო მოვაჭრეები და მთავრობის წარმომადგენლები ხელახლა შეაფასებენ სიტუაციას და შესაძლოა, სამომხმარებლო საქონლის მსხვილ მომწოდებლებს სთხოვონ, ხელახლა მოილაპარაკონ ფასებზე საცალო მოვაჭრეებთან.

საფრანგეთის წლიური ინფლაცია თებერვალში მოულოდენლად 7.2%-მდე გაიზარდა, იანვარში დაფიქსირებული 7.0%-დან.

სტატისტიკური სამსახურის INSEE-ის პროგნოზით, სურსათის ფასების ინფლაცია წლის პირველ ნახევარში 13%-ზე დარჩება.

თავდაპირველად, მთავრობა ცდილობდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ჰარმონიზებული კალათის შექმნას, მაგრამ სუპერმარკეტებმა თავად გადაწყვიტეს, თუ რომელი სასურსათო პროდუქტები შევიდოდა კალათაში.

ევროპის უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის ქსელმა Carrefour-მა თავი აარიდა მთავრობის წინადადებას და განაცხადა, რომ თავად შესთავაზებდა მომხმარებელს 200 დაბალფასიანი პროდუქტისგან შემდგარ კალათას, და რომ არ იყო საჭირო მთავრობის მიერ ერთიანი კალათის დაწესება.

Carrefour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ბომპარდმა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა, რომ 15 მარტიდან 200 დასახელების პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს 2 ევროზე ნაკლებ ფასად, და ეს ფასები 15 ივნისამდე „გაყინული“ დარჩება.

შედარებით მცირე ქსელმა Casino-მ ასევე განაცხადა, რომ 15 მარტიდან წარადგენს 500 დასახელების იაფი პროდუქტის არჩევანს 1 ევროზე ნაკლებ ფასად, სამი თვით.

Businesspartner