მსოფლიო
20/02/2023

"საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო“ მომავალ ზამთარში გაზის დეფიციტს ელოდება

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) მომავალ ზამთარში ენერგიის შესაძლო დეფიციტზე აცხადებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფატიჰ ბიროლის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ახალი მოცულობების შემოტანა არ იზრდება. ხოლო, მეორე მხრივ, ნავარაუდებია, რომ წელს გაიზრდება ჩინეთის მოხმარება.

„მომავალ წელს ამინდი შეიძლება არ იყოს ისეთი ხელსაყრელი, როგორც წელს. პლუს, ჩინეთი შემოდის ბაზარზე მთელი თავისი ფინანსური რესურსებით, რათა იყიდოს LNG ბაზრებიდან, რომელიც უკვე ძალიან შეზღუდულია. მე ვდარდობ მომავალ ზამთარზე. ახლა დასვენების უფლება არ გვაქვს და უმჯობესია, რომ მოამავალ ზამთარზე ვფიკუსირდეთ“ - აცხადებს IEA-ის ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ გაზის ფასი გაიზრდება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ეკონომიკა მკვეთრად აღდგება. გასათვალისწინებელია ისიც, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

წელს ბაზარზე მოსალოდნელია დამატებით 23 მილიარდი კუბური მეტრი LNG-ის გამოტანა. პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის მცირე ზრდის შემთხვევაშიც კი, ჩინეთი სავარაუდოდ, გაზის დამატებით 80%-ს „შთანთქავს“.

როგორც „საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოში“ აცხადებენ, შინამეურნეობებმა და ფირმებმა უნდა განაგრძონ გაზის მოხმარების შესამცირებლად ძალისხმევის გამოჩენა, ხოლო, განახლებადი ენერგიის გამომუშავება უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს.

ბიროლი აფრთხილებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი გაუქმება გადაწყვიტეს - გადახედონ ამ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ გვჭირდება ენერგიის ყველა წყარო, რომელიც დაგვეხმარება მომავალ ზამთარს გავუმკლავდეთ. მათ შორის, ბირთვული ენერგიაც“ - აცხადებს ფატიჰ ბიროლი.

 

Businesspartner