მსოფლიო
28/04/2023

რუსეთი KFC-ის რესტორნების ქსელს აცოცხლებს

Rostic's KFC-ის მფლობელის წასვლის შემდეგ, რუსეთი შემწვარი ქათმის რესტორნების ქსელს აცოცხლებს.

ძველი KFC რესტორნიდან რამდენიმე უკვე გაიხსნა - ახალი მფლობელები ბრენდს ფრენჩაიზის შეთანხმების გზით აცოცხლებენ.

KFC-ის ამერიკულმა მშობელმა კომპანიამ Yum! Brands Inc YUM.N-მა  რუსეთიდან გასვლის პროცესი გასულ კვირას დაასრულა და მასტერ ფრენჩაიზის უფლებები კომპანია Smart Service-ს გადასცა, რომელსაც კონსტანტინე კოტოვი და ანდრეი ოსკოლკოვი ხელმძღვანელობენ. გარიგება მოიცავს რუსულ KFC-ის ყველა რესტორანს, ოპერაციულ სისტემას და „როსტიკის“ ბრენდის სავაჭრო ნიშანს. ფასი არ გახმაურებულა.

კონსტანტინე კოტოვმა, როსტიკის წითელი, თეთრი და შავი ლოგოთი გაფორმებული ტორტის გაჭრის შემდეგ, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კომპანია მხარს დაუჭერს ფრენჩაიზებს, რომლებიც აირჩევენ KFC-დ დარჩენას და არ აიძულებს მათ შეცვლას.

KFC რუსეთის ბაზარზე თავდაპირველად 1993 წელს გამოჩნდა, როდესაც ქვეყანა კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გადადიოდა. სწორედ კომპანია „როსტიკი“ იქცა KFC-ის რუსეთში გაფართოების მამოძრავებლად. KFC-იმ Rostic's-თან თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო, მოგვიანებით კი, კომპანია შეისყიდა. საბოლოოდ, KFC-ის ამ ბაზარზე 1000-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა, სანამ Yum! Brands-მა რუსეთის მხრიდან ომის დაწყების შემდეგ ბაზრის დატოვების შესახებ არ განაცხადა.

ახლა, ფრენჩაიზის ახალმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ ერთ დღეს Yum! Brands-ის რუსეთში დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ამერიკული Yum! Brands-ის წარმომადგენლებმა Reuters-ის კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.

რესტორნების ბიზნესი Smart Service-ს მიჰყიდა მადრიდში დაფუძნებულმა AmRest Holdings EATP.WA-მაც. მსხვილი ფრენჩაიზი 200-ზე მეტ რესტორანს მართავდა. მან Smart Service-თამ 100 მილიონი ევროს ღირებულების გარიგების დადების შესახებ თებერვალში განაცხადა.

Smart Service ახლა 100-ზე მეტ მოქმედ რესტორანს აკონტროლებს, პასუხისმგებელია თანამშრომლების რებრენდინგზე და შენარჩუნებაზე.

ცვლილებები შეეხო „მაკდონალდსის“ ყოფილ MCD.N რესტორნებს, რომლებიც გასულ ზაფხულს ასევე ადგილობრივმა ლიცენზიანტმა იყიდა და რებრენდირდა როგორც Vkusno & tochka, ანუ „გემრიელია და წერტილი“.

მიუხედავად იმისა, რომ „მაკდონალდსმა“ მისი ბრენდისა და პროდუქტების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, KFC-ის ბრენდი დარჩება, რადგან არსებული ხელშეკრულება ამის საშუალებას იძლევა. თითქმის არ შეიცვლება მენიუც.

„კერძები, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, სრულიად იგივეა, რაც KFC-ს“, - თქვა კოტოვმა. ასევე, ყველა მიმწოდებელი იგივე დარჩება, რაც წარსულში იყო.

„სამწუხაროდ, KFC-ის ახალ რესტორნებს ვეღარ გავხსნით, მაგრამ ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ. ჩვენი მთავარი მიზანი რებრენდინგია, გვაქვს გეგმა, რომ ეს პროცესი 18 თვეში დავასრულოთ მთელი ქვეყანის მასშტაბით“ - განაცხადა კონსტანტინე კოტოვმა.

 

Businesspartner