მსოფლიო
30/03/2023

რამდენიმეკვირიანი ვარდნის შემდეგ, ამერიკული საფონდო ბირჟები ზრდას აჩვენებს

ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობა მაღალ ნიშნულზე დაიხურა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, Nasdaq-ისა და S&P 500-ის ბირჟებზე ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება რამდენიმე კომპანიის მაღალი ზრდითა და გაუმჯობესებული პერსპექტივით შემსუბუქდა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ არეულობა საბანკო სისტემაში ჩაცხრობას იწყებს.

წინასწარი მონაცემებით, S&P 500-მა 1,41%-იანი ზრდა აჩვენა, Nasdaq-ის ინდექსები 1,79% გაიზარდა, ხოლო Dow Jones Industrial მაჩვენებლმა 1%-ით იმატა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელები ბოლო კვირებში დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ინვესტორებს პოზიტიურ სიგნალებს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე ეს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ტექნოლოგიური კომპანიების მაღალი პერსპექტივით. ერთ-ერთი ასეთი კომპანია Micron Technology-ია, რომელიც ნახევარგამტარების მწარმოებელია.

„დღეს, როგორც ჩანს, ხალხი შვებით ამოისუნთქავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს საპროცენტო მაჩვენებლების მერყეობა, შემცირება, რაც იწვევს კაპიტალის არასტაბილურობას და ეს კაპიტალიც მცირდება. ამ ვითარების შეცვლა კი მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანებს სურვილი ექნებათ ფული ამ ბაზარზე დააბრუნონ. პოზიტიურია ის ფაქტი, რომ კომპანია Micron ავლენს გარკვეულ ძალას. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიის ციკლური მხარე, რაც ჯერ კიდევ კარგად მუშაობს. ეს კი, ერთგვარად ამსუბუქებს გარკვეულ შიშებს მომავალი რეცესიის შესახებ“ - აცხადებს HORIZON INVESTMENTS-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი სკოტ ლენდერი.

ინვესტორები ახლა ცდილობენ შეაფასონ, არის თუ არა ეს საბანკო არეულობის ჩაცხრობის დასაწყისი და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ფედერალური სარეზერვო პოლიტიკისთვის - კვლავ განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას თუ გადახედავს თავის სტრატეგიას.

Businesspartner