მსოფლიო
24/04/2020

რა საფრთხეებს შეიცავს პროდუქციის ზედმეტად გაიაფება – მსოფლიო ბანკის მოლოდინები

მსოფლიო ბანკი COVID-19-ით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური შოკის გამო, 2020 წელს პროდუქციის მნიშვნელოვან გაიაფებას ელის.

პანმდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა უკვე მოახდინა ნავთობზე.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ იანვრიდან მარტამდე  ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50%-ით დაეცა. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით.

საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ 2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის  პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილებაა, და 43%-იანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან (61 დოლარი) შედარებით. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას. ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC)  და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.

ამავდროულად საფინანსო ინსტიტუტი მიუთითებს, რომ 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40%-ით კლება, ზრდისკენ შემობრუნება კი 2021 წლისთვის არის მოსალოდნელი.

ლითონის ფასები ასევე დაეცა 2020 წლის დასაწყისში. შემცირდა სპილენძის და თუთიის ფასი. მოსალოდნელია ლითონის ფასების კლება 13%-ით. მსოფლიო ბანკი მიათითებს, რომ გლობალური ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მეტად გავლენას იქონიებს სამრეწველო ლითონებზე, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელზეც მოდის ლითონებზე მსოფლიო მოთხოვნის ნახევარზე მეტი.

სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება. ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონე და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. ამავდროულად საფინანსო ინსტიტუტი აღნშნავს, რომ შესაძლებელია სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოება  შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული.

„ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და  ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“  – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის სფეროში მახტარ დიოპმა.