მსოფლიო
24/02/2023

Qantas Airways-მა რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas Airways-მა პანდემიის შემდეგ რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა.

ავიაკომპანიამ $340,30 მილიონის აქციები უკან შეისყიდა და დააანონსა, რომ ავიაბილეთიების ფასი პრეკოვიდამდელ ნიშნულზე მაღლა დარჩება. კომპანიაში განმარტავენ, რომ 2021 წელთან შედარებით, ავსტრალიაში ინფლაციის ეფექტის გამო, ფასები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი.

ამავდროულად Qantas Airways საკუთარი ფლოტის გაუმჯობესებაზე და ტევადობის აღდგენაზე მუშაობს.

მენეჯმენტის განმარტებით, მიზანია უფრო სწრაფი აღდგენა და დასვენების, მოგზაურობისა და სატვირთო ბაზრების მხრიდან ძლიერ მოთხოვნაზე დროული პასუხი.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ პანდემიდან სამი წლის თავზე და 7 მილიარდი დოლარით ზარალის შემდეგ, Qantas Group-ი მოგებას იბრუნებს. ამ ფინანსური წლის პირველი ნახევრისთვის, ჩვენ მივიღეთ რეკორდული მოგება - 1,4 მილიარდ დოლარზე მეტი. მაშინ როცა გასულ წელს, ზუსტად ამ დროს 1,3 მილიარდი დოლარის ზარალი ვნახეთ. ეს არის დიდი შემობრუნება“ - აცხადებს Qantas-ის აღმასრულებელი დირექტორი ალან ჯოისი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები და ინფლაციის რისკები კვლავ არსებობს, შიდა კვლევები აჩვენებს, რომ მოგზაურობა ხალხისთვის პრიორიტეტულია და ეს ტენდენცია  მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„მოგების დაბრუნება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი ინვესტიციების გაკეთება მომხმარებელთა გამოცდილებაში. გვაქვს მოკლე და გრძელვადიანი პროექტები. ვხსნით სამ ახალ და განახლებულ ლაუნჯს. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენ გამოვაცხადეთ $100 მილიონის ინვესტიცია, რომელის ნაწილია ჩვენი ახალი, პირველი კლასის ფლაგმანი ლაუნჯი ლონდონში, ჰითროუში“ - აცხადებს ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

Businesspartner