მსოფლიო
18/03/2023

პოლიესტერის გადასამუშავებლად ბრიტანელმა პროფესორმა "პლასტმასის მჭამელი" ფერმენტები გამოავლინა

მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტანსაცმლის ბოჭკოს, პოლიესტერის გადამუშავება თავისი ქიმური შემადგენლობის გამო რთულია. შესაბამისად ის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი გზაა.

პროფესორი ენდი პიკფორდი ბრიტანეთის Portsmout-ის უნივერსიტეტის ფერმენტების ინოვაციების ცენტრში კოლეგებთან ერთად იკვლევს, "პლასტმასის მჭამელ" ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიესტერის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას. როგორც ჩანს, ეს ნარჩენების გადამუშავების ახალი მეთოდია, რომლის მიზანი ბუნებისგან შთაგონებული, ახალი გადაწყვეტილებებია, მსოფლიოში ყველაზე აქტუალური პრობლემის მოსაგვარებლად.  

"ჩვენ შევიმუშავეთ ფერმენტები, რათა შევძლოთ პოლიესტერის მართვა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლებში. შეგვიძლია დავშალოთ და დავუბრუნოთ ისინი მათ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც თავდაპირველად წიაღისეული საწვავიდან მომდინარეობს, როგორიცაა ნავთობი გაზი და სხვა. ჩვენი მიზანია დავინახოთ, შეუძლიათ თუ არა ფერმენტებს, რომლებიც შლიან ამ პლასტმასის ბოთლებს, დაშალონ პოლიესტერი ქსოვილებშიც.

ვფიქრობ, სასწრაფოდ გვჭირდება გამოსავალი.  მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პირობებში, მოთხოვნა მზარდია ქსოვილებზეც, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ნარჩენების პრობლემას. ამასთან, მოდის ინდუსტრიაზე სულ უფრო დიდი ზეწოლაა, რომ  ქსოვილების ირგვლივ არსებული პრობლემები მოგვარდეს. ამიტომ ბუნებისგან შთაგონებულმა გადაწყვეტამ და ჩვენს ტანსაცმელში არსებული პოლიმერების ხელახალმა გამოყენებამ შეიძლება რეალობა მკვეთრად შეცვალოს."- ამბობს პროფესორი ენდი პიკფორდი.

Reuters-ის ცნობით, გუნდმა უკვე გამოავლინა 70-ზე მეტი ფერმენტი, რომელსაც შეუძლია პლასტმასის, მათ შორის პოლიეთილენ-ტერეფტალატის დაშლა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამომხმარებლო პლასტმასია.

ინოვატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის გადამუშავების გონივრული მაჩვენებლები აქვთ, გამოყენებული ტექსტილის შემთხვევაში სტატისტიკა ძალიან ცუდია და მთავარი გამოწვევა სწორედ ამ მიმართულებით მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე შესაძლებელია ნავთობზე დაფუძნებული ქსოვილების სხვადასხვა სახის პროდუქტებად გადაქცევა, გადამუშავების ამჟამინდელი მეთოდები ენერგო ინტენსიურია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბრიტანეთში არსებული უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრში შემუშავებული ფერმენტები პოლიესტერის შემცველი ტანსაცმლისთვის ეკოლოგიურად სუფთა ცირკულარული ეკონომიკის შექმნაში დაეხმარებათ.