მსოფლიო
02/10/2023

ნიუ-იორკი მასშტაბურ Toy Fair-ს მასპინძლობს

ნიუ-იორკი 2023 Toy Fair-ს მასპინძლობს. გამოფენაზე 1000-ზე მეტი მწარმოებელია წარმოდგენილი.

წელს, ყველაზე აქტუალურ სათამაშოებს შორისაა თოჯინები, რომლებიც შთაგონებულია "ბარბის მანიით", პლუშის ფიგურები, საბავშვო სათამაშოები და თამაშები, კოლექციონირების ხაზი და სათამაშოები, რომლებიც თემატურ საკითხებზეა შექმნილი, როგორიცაა მდგრადობა და მრავალფეროვნება.

„გამოფენაზე გვყავს სტარტაპები, და ასევე სათამაშოების ცნობილი ვეტერანი კომპანიები, რომლებიც თაობების განმავლობაში არსებობენ. ყველანი აქ არიან, რათა აჩვენონ, რა იქნება აქტუალური წლევანდელი საზეიმო უქმეებისა და ღონისძიებებისთვის" - ამბობს სათამაშოების ბაზრობის ორგანიზატორი, „სათამაშოების ასოციაციის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორი კრისტინ მორენსი გოლდმანი.

შოუ COVID-19 პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ 30 სექტემბერს გაიხსნა და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ Toy Fair-ს არ ესწრება ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია - Barbie-ს მწარმოებელი Mattel.

თუ რა გახდა ამის მიზეზი, კომპანიამ Reuters-ის შეკითხვას არ უპასუხა. თუმცა, New York Post-ის ცნობით, სათამაშოების ზოგიერთ მწარმოებელს, მათ შორის Mattel-ს სურს, რომ სავაჭრო შოუ ლოს-ანჯელესში გადავიდეს, რადგან მათი უმეტესობა იქ ან დასავლეთ სანაპიროზეა დაფუძნებული.

ამასთან, New York Post ასევე იტყობინება, რომ სათამაშოების ზოგიერთი მწარმოებელი არ იყო კმაყოფილი ღონისძების ტრადიციული თარიღიდან - თებერვლიდან სექტემბრამდე გადატანით.

Toy Fair თავდაპირველად 1903 წლის თებერვალში, ათამდე მწარმოებლის ჩართულობით გაიმართა.

ახლა „სათამაშოების ასოციაციის“ მწარმოებელი წევრები აშშ-ს ბაზარზე სათამაშოებისა და თამაშების გაყიდვების 93% წარმოადგენენ, რაც წლიურად 40 მილიარდ დოლარს აგენერირებს.

Businesspartner