მსოფლიო ბანკმა უკრაინის ინფრასტრუქტურული ზარალი $60 მლრდ-ად შეაფასა
უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ფიზიკურმა დაზიანებამ რუსეთის შემოჭრის შედეგად დაახლოებით $60 მლრდ–ს მიაღწია და ომის გაგრძელებით ზარალი კიდევ გაიზრდება– ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა.
მალპასმა მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უკრაინის ფინანსური დახმარების საჭიროებებზეც ისაუბრა, რომ "ვიწრო" ზიანის ხარჯების ადრეული შეფასება არ მოიცავს უკრაინის ომის მზარდ ეკონომიკურ ხარჯებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე ვირტუალურ მიმართვაში გაცილებით დიდი ხარჯები და დაფინანსების საჭიროებები წარმოადგინა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას თვეში $7 მლრდ სჭირდება, რათა რუსეთის მიერ მის ქვეყანაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ანაზღაურდეს. ასევე, მოუწოდა ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დააწესეს და რუსული აქტივები გაყინეს, ეს თანხა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის დასახმარებლად და სხვა ქვეყნების ზარალის გადასახდელად გამოიყენონ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების მიღმა გამართულ კონფერენციაზე მრავალი ქვეყნის ფინანსური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააორმაგებს თავის პირდაპირ არასამხედრო დახმარებას $1 მლრდ–მდე.
პრესკონფერენციაზე ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ჩამორთმეული რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გამოყენება უკრაინის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელიც დისკუსიებს და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებას საჭიროებს.
უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი უკრაინის მშპ–ს 30%-დან 50%-მდე შემცირებას ვარაუდობს, რაც პირდაპირი და არაპირდაპირი ზარალით ჯერჯერობით $560 მლრდ–ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი ეს თანხა სამჯერ აღემატება უკრაინის ეკონომიკას, 2020 წელს $155,5 მილიარდს.
"თუ ჩვენ ერთად არ შევაჩერებთ ამ ომს, დანაკარგები მკვეთრად გაიზრდება" - თქვა შმიჰალმა და დასძინა, რომ უკრაინას დასჭირდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმის მსგავსი აღდგენის გეგმა, რომელიც ომით განადგურებულ ევროპას აღდგენაში დაეხმარა.