მსოფლიო
23/03/2023

Moderna ვაქცინის ფასის გაოთხმაგებას გეგმავს

Moderna Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა COVID-19 ვაქცინის ფასის გაოთხმაგების შესახებ განაცხადა.

გეგმა ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ამერიკელ კანონმდებლებს წარუდგინა. მისი თქმით, Moderna-ს აღარ ექნება სახელმწიფო შესყიდვებიდან მასშტაბური რეალიზაცია და მთლიანად კერძო ბაზარზე გადასვლა კომპანიას დიდ დარტყმას მიაყენებს.

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სენატორებმა მას შემდეგ გამოიძახეს განმარტებებისთვის, რაც ცნობილი გახდა რომ კომპანია ვაქცინის ფასის გაზრდას დაახლოებით 130 დოლარამდე აპირებდა, რასაც კანონმდებლების აღშფოთება მოჰყვა.

Moderna-ს ხელმძღვანელის თქმით, კომერციულ ბაზარზე გადასვლის შემდეგ, კომპანიას მოუწევს თავისი COVID ვაქცინა ბაზარს ერთჯერადი ფლაკონებითა და წინასწარი მზა შპრიცებით მიაწოდოს, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში მიწოდება 10-ჯერადი დოზებით ხდებოდა.

„ამ ყველაფრის გარდა, ჩვენ ველოდებით მოთხოვნის 90%-ით შემცირებას. როგორც ხედავთ, ჩვენ ვკარგავთ მასშტაბის ეკონომიას“ - განაცხადა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა.

საკითხი სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნი სანდერმა გააპროტესტა. მისი თქმით, Moderna-მ არ უნდა გაზარდოს ვაქცინის ფასი, მით უფრო, რომ ვაქცინის შესამუშავებლად ფედერალური ფინანსური დახმარება მიიღო. ხოლო, ფასების ზრდამ ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ამერიკელისთვის მიუწვდომელი გახადოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მილიარდობით დოლარი გამოიმუშავეთ და თქვენმა კომპანიამ დიდი მოგება მიიღო - ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელების სახელით, გადახედავთ თუ არა თქვენს გადაწყვეტილებას ვაქცინის ფასის გაოთხმაგების შესახებ“ - იკითხა სენატორმა.

„ფასი არ არის დაკავშირებული კომპანიის მუშაობასთან. ფასი დაკავშირებულია პაციენტისთვის პროდუქტის ღირებულებასთან და ვაქცინის სარგებლიანობასთან. ასე ვადგენთ ფასს." - განმარტავს  Moderna-ს დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პანდემიასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას მაისში დაასრულებს.

შესაბამისად, ვაქცინის ფასის შესახებ მოლაპარაკებები ნაცვლად ფედერალური მთავრობისა, მზღვეველებსა და სხვა კერძო მყიდველებს შორის გადაინაცვლებს.

Businesspartner