მსოფლიო
19/01/2022

Microsoft-ი Activision Blizzard-ს $68,7 მლრდ-ად ყიდულობს – გარიგების 5 მიზეზი

Microsoft-ი $68,7 მილიარდად Activision Blizzard-ს ყიდულობს, რაც ვიდეო თამაშების ორ უდიდეს ძალას გააერთიანებს, – ამის შესახებ Bloomberg News წერს.

ეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის ყველაზე დიდი გარიგებაა, თითქმის სამჯერ აღემატება 2016 წელს LinkedIn-ის შეძენას.

საინტერესოა რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას. წარმოგიდგენთ 5 ძირითად მიზეზს. 

1. პირველ მიზეზად სხელდება ზომა: ტრანზაქცია, მსოფლიოში მე-3 გლობალურ სათამაშო კომპანიას შექმნის.

"Activision-ს არ შეეძლო კონკურენცია გაეწია თამაშების სამყაროსთვის. როდესაც ვუყურებთ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Facebook და Google, Amazon და Apple, და განსაკუთრებით Tencent–ს, მივხვდით, გვჭირდებოდა პარტნიორი ჩვენი ოცნებებისა და მისწრაფებების რეალიზებისთვის", - თქვა მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობი კოტიკმა. რაც შეეხება Microsoft-ს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათი ამბიციაა, თამაშების სიხარული და ერთიანობა პლანეტაზე ყველას გაუზიარონ.

2. მობილური: ეს არის თამაშების ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი. Activision ფლობს მობილური თამაშების სტუდია King-ს, Candy Crush-ის, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური თამაშის მწარმოებელს. Microsoft-ს კი თითქმის არ აქვს წილი მობილური თამაშებში. "ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს პლანეტაზე ნომერ პირველი სათამაშო მოწყობილობა მობილური ტელეფონებია", - თქვა ფილ სპენსერმა, Xbox-ის ხელმძღვანელმა, რომელიც სამშაბათს დასახელდა Microsoft Gaming-ის აღმასრულებელ დირექტორად.

3. App Store-ის საფასურის არიდება: Microsoft-ის CEO-ს სატია ნადელას სურს, რომ მისი სათამაშო იმპერია საკმარისად დიდი იყოს, რომ მოთამაშეები პირდაპირ გავიდნენ მასზე, Apple Inc.-ის App Store-ის გვერდის ავლით. Microsoft–ი ომში იყო Apple-თან და Alphabet Inc.-ის Google-თან, აპლიკაციების მაღაზიების მიერ თამაშებისთვის დაწესებული გადასახადების გამო. "დღესდღეობით ვაწყდებით ძლიერ გლობალურ კონკურენციას კომპანიებისგან, რომლებიც უფრო მეტ შემოსავალს გამოიმუშავებენ თამაშების დისტრიბუციიდან, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ თამაშების გაყიდვებისა და ხელმოწერების წილით. ჩვენ გვჭირდება მეტი ინოვაცია, ინვესტიცია და ნაკლები შეზღუდვები კონტენტის შექმნის პროცესში", - თქვა ნადელამ ინვესტორებთან საუბრისას.

"ამ მოწყობილობებზე დისტრიბუციას აკონტროლებს ორი ადამიანი, ორი დიდი კომპანია. ასე რომ, Microsoft-ს სურს თამაშებისა და შინაარსის გავრცელების საკუთარი "შეუზღუდავი" უნარი," - თქვა სპენსერმა.

4. Metaverse: ორი უდიდესი კომპანია ამ გაერთიანებით, მომხმარებლებს კიდევ უფრო მასიურ სათამაშო თემებს შესთავაზებენ საკუთარი მეტავერსიების შესაქმნელად. "როდესაც ვფიქრობთ ჩვენს ხედვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი მეტავერსია, გვჯერა, რომ არ იქნება არც ერთი ცენტრალიზებული მეტავერსია და არც უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება მრავალი მეტავერსიის პლატფორმის მხარდაჭერა, ისევე როგორც კონტენტის, კომერციისა და აპლიკაციების ძლიერი ეკოსისტემა“, - თქვა ნადელამ.

5. მეხუთე მთავარი მიზეზი ამ გარიგებისა არის ის, რომ Nadella-ს კორპორაციული სტრატეგია გაერთიანებულია ღრუბლის, შინაარსისა და შემქმნელების გარშემო. Microsoft-ს სურს მიიღოს რაც შეიძლება მეტი Activision-ის კონტენტი მის ღრუბლოვან სათამაშო სერვისზე, Xbox Game Pass-ზე, რომელიც აძლიერებს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის გაყიდვებს, სტაბილური ნაკადით. გარიგება ასევე საშუალებას აძლევს Microsoft-ს გამოიყენოს მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებიც ქმნიან საკუთარ სათამაშო კონტენტს და სამყაროებს.

ინფორმაციისთვის, Minecraft-ის, LinkedIn-ისა და GitHub-ის დამატების შემდეგ, ნადელა ყიდულობს დიდ აქტივს, რომელიც მას შემოქმედთა კიდევ ერთ დიდ საზოგადოებას მისცემს. მან ვერ შეძლო TikTok-თან, Pinterest Inc.-თან და Discord Inc.-თან მოლაპარაკებები, თუმცა ამჯერად Activision–თან მიაღწია წარმატებას.–წერს Bloomberg–ი. 

 

 

Businesspartner