ლოს-ანჯელესის უმდიდრესი მაცხოვრებლები სასახლეებს სასწრაფოდ ყიდიან
ლოს-ანჯელესის უმდიდრესი მაცხოვრებლები თავიანთი მრავალმილიონიანი ქონების გაყიდვას ცდილობენ. ქალაქის წამყვანი უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ ამ გზით, ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ ახალი გადასახადი, რომელიც 1 აპრილს შევა ძალაში.
როგორც ცნობილია, „სასახლის გადასახადი“ აწესებს 4 პროცენტიან გადასახადს $5 მილიონზე მეტი ღირებულების ქონების გაყიდვაზე და 5,5 პროცენტიან გადასახადს $10 მილიონზე მეტი ღირებულების ქონების ფლობაზე ლოს ანჯელესში. ახალი საფასური, რომელიც შექმნილია ხელმისაწვდომი საბინაო პროგრამებისთვის სახსრების უზრუნველსაყოფად, ლოს-ანჯელესის ოლქის სხვა ქალაქებში არ ვრცელდება.
რეალტორ Oppenheim Group-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, Netflix-ის რეალითი შოუს "Selling Sunset" ვარსკვლავის ჯეისონ ოპენჰაიმის თქმით, აღნიშნული გადასახადი ტვირთია ბიზნესისთვის.
"ბაზრებს ძალიან რთული დრო უდგათ, უძრავ ქონებას ძალიან უჭირს ინფლაციისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო. ეს ყველაზე ცუდი დროა ამ გადასახადის შემოსატანად და ნამდვილად დამღუპველია საზოგადოებისთვის", - აცხადებს ოპენჰაიმი Reuters-თან.
მისივე თქმით, $5 მილიონის ღირებულების სახლი შეერთებული შტატების უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბაზარზე, არ შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც, სასახლე.
"ამას სიტყვიერად უწოდებენ „სასახლის გადასახადს", თუმცა, ის სინამდილეში უფრო დიდ გავლენას ახდენს კომერციულ საკუთრებაზე, ვიდრე საცხოვრებელ ქონებაზე. მთლიანობაში, კი, ყველა ტიპის ქონებაზე, რომლის ღირებულებაც $5 მილიონზე მეტია“ - განმარტავს რეალტორი.
სხვა უძრავი ქონების აგენტები უკვე აცხადებენ, რომ მესაკუთრეები ცდილობენ სახლები სასწრაფოდ გაყიდონ, ამისთვის კი, მყიდველებსა და აგენტებს დიდ ბონუსებს ჰპირდებიან.
„ბევრლი ჰილსში ზოგიერთი გამყიდველის შეთავაზება იყო მანქანები და მილიონ დოლარი ბონუსად, რათა ქონება რაც შეიძლება მალე გაყიდონ. ეს შესანიშნავი მარკეტინგული ტექნიკაა, რომელიც ყურადღებას იქცევს. მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი გადადის ეკონომიკაზე - მიიღებს თუ არა გამყიდველი იმ საფასურს, რაც სურს? იქნება თუ არა მყიდველი მზად გადაიხადოს ის, რისი გადახდაც მოუწევს?"- აცხადებს The Agency’s თანადამფუძნებელი ბილი როუზი.
„სასახლის გადასახადი“ ძალაში 1 აპრილს შედის. ამ გადასახადის შემოტანაზე 2022 წლის 8 ნოემბერს ლოს-ანჯელესის ამომრჩევლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. ინიციატივას მხარი 58 პროცენტმა დაუჭრა.
მიღებული ზომების შედეგად აკუმულირებული სახსრები ქალაქის უსახლკაროების დახმარებას მოხმარდება.