ლირა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
თურქული ლირა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. 2021 წლის ისტორიული კრახის შემდეგ ეს ვალუტის ყველაზე დიდი ვარდნაა. ექსპერტების შეფასებით, როგორც ჩანს, ახლადარჩეულმა მთავრობამ სტაბილიზაციის ზომები შეარბილა.
ლირამ მნიშვნელოვანი გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 მაისს პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი ხელახლა აირჩიეს. თურქული ვალუტა დოლართან მიმართებაში 22,98 ნიშნულამდე დაეცა.
ერდოღანმა გასულ შაბათ-კვირას თავისი ახალი კაბინეტი წარადგიმა და ფინანსთა მინისტრად მეჰმედ შიმშეკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი დაასახელა. საერთაშორისო მედიის ცნობით, მას უცხოელი ინვესტორები კარგად იცნობენ და აფასებენ. მოგვიანებით შიმსეკმა განაცხადა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა "რაციონალურ" ნიადაგს უნდა დაბრუნდეს.
თურქული და უცხოური ბაზრები ახლა ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას ელიან, რომელიც საჰაპ კავჩიოღლუს შეცვლის. ეს უკანასკნელი ერდოღანის არაორდინალური პოლიტიკის პირობებში განაკვეთების ხელოვნურად შემცირებას ხელმძღვანელობდა.
ერდოღანის ზეწოლის ქვეშ, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,5%-მდე შეამცირა 2021 წლის 19%-დან. მთავარ მიზნად ზრდისა და ინვესტიციების გაძლიერება დასახელდა. თუმცა, ამ ზომებმა ლირა 2021 წლის დეკემბერში რეკორდულ კრიზისამდე მიიყვანა. გასულ წელს ინფლაციამ 24 წლის მაქსიმუმს - 85%-ს მიაღწია.