მსოფლიო
26/05/2023

კრისტინ ლაგარდი: ევრო გრძელვადიანი მშვიდობის საყრდენია

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დაწესებულების იუბილე მისი პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის ხელმძღვანელობით აღინიშნა, სადაც ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროს ვალუტა და მისი ისტორია "ერთ-ერთი საფუძველია გრძელვადიანი მშვიდობისთვის".

„ეს არის ამბავი, რომელიც სათავეს იღებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებიდან, რათა ეკონომიკები დაეკავშირებინა ისე მჭიდროდ, რომ ჩვენი მომავალი განუყოფელი ყოფილიყო. ამან კი, თავის მხრივ შექმნა ყველაზე მძლავრი საფუძველი ევროპულ ინტეგრაციაში“ - განუცხადა ლაგარდმა აუდიტორიას გერმანიის ფინანსურ დედაქალაქ ფრანკფურტში, ბანკის ცენტრალურ ოფისში გამართულ ცერემონიაზე.

საიუბილეო სადილზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

კანცლერმა სტუმრებს განუცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ECB-ის ძალისხმევას მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ECB-ის დამოუკიდებლობისადმი მთელი პატივისცემით ვარ განმსჭვალული. ეს დამოუკიდებლობა აუცილებელია სტაბილური და სანდო მონეტარული პოლიტიკისთვის“ - განაცხადა შოლცმა.

ECB-ის მიზანი ევროზონაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. შესაბამისი მიზნები ევროკავშირის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ECB პრეზიდენტის როლი კი შემდეგია: მას მხარს უჭერს მმართველი საბჭო, რომელიც ECB-ის პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი ორგანოა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს ევროზონის 20 ქვეყნიდან. დაწესებულების პრეზიდენტი წარმოადგენს ცენტრალური ბანკის სახეს და ხმას, და აჟღერებს მესიჯებს ბიზნესებისთვის, ოჯახებისთვის თუ მსოფლიო ლიდერებისთვის.

Businesspartner