მსოფლიო
06/03/2023

კრემლი: Nord Stream-ის მომავალი თავად აქციონერებმა უნდა გადაწყვიტონ

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემდგომ ბედს კრემლი მის აქციონერებს ანდობს.

კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, აქციონერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, აფეთქებების შედეგად დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენები დაკონსერვდება თუ არა.

Reuters-ის ცნობით, მანამდე, ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებული Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ააშენა, გადაწყვეტილია დაილუქოს და დაკონსერვდეს, რადგან მათი შეკეთების ან ხელახალი გააქტიურების შესაძლებლობა არ არსებობს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი, ტრადიციულ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მილსადენის შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა: „თქვენ უნდა მიმართოთ გაზპრომს და მათ, ვინც დაინტერესებული მხარეები არიან ამ საერთაშორისო პროექტში. რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კოლეგიურად უნდა მიიღოს ყველა აქციონერმა“.

მისივე თქმით, კრემლი არ აპირებს „გაზპრომისთვის“ რაიმე რეკომენდაციების მიცემას წყალქვეშა მილსადენების მომავალთან დაკავშირებით.

გარდა „გაზპრომისა“, Nord Stream 1-ის ოპერატორის, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ის აქციონერები არიან Engie ENGIE.PA, Gasunie GSUNI.UL, Wintershall DEA WINT.ULBASFn.DE და E.ON EONGn.DE.

Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენები ორ-ორი ორი მილისგან შედგება. პროექტის მიზანი იყო წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გერმანიამდე, ბალტიის ზღვის გავლით მიეტანა.

ოთხი მილიდან სამი დაუდგენელი აფეთქებების შედეგად სექტემბერში დაზიანდა, ხოლო Nord Stream 2-ის მილიდან ერთი ხელუხლებელი რჩება.

„გაზპრომის“ განმარტებით, ტექნიკურად, დაზიანებული მილსადენების შეკეთება შესაძლებელია. თუმცა, ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ მოსკოვი ჯერჯერობით ვერ ხედავს პერსპექტივას, რომ ახლო მომავალში დასავლეთთან ურთიერთობა საკმარისად გაუმჯობესდება და მილსადენები საჭირო გახდება.

 

 

Businesspartner