ხორვატიული ღვინო მეფე ჩარლზის კორონაციას მოემსახურება
ხორვატიული ღვინო მეფე ჩარლზის კორონაციაზე იქნება შეთავაზებული.
ხორვატიულმა მწარმოებელმა Ilocki Podrumi Domain-მა განაცხადა, რომ მეფე ჩარლზის მომავალ კორონაციას მისი 2019 წლის ნახევრადტკბილი თეთრი ღვინო მოემსახურება. საუბარია ღვინის სახეობაზე სახელად „Traminac“.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც Ilocki Podrumi Domain-ის ღვინო Traminac სამეფო კორონაციას მოემსახურება. პირველად მწარმოებლის აღნიშნული სახეობის ღვინო დედოფალ ელიზაბეტ II-ის კორონაციაზე 1953 წელს მიიტანეს, სადაც 1947 წლის მოსავლის ღვინო იყო წარმოდგენილი.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ვესნა სტაჯერმა, რომელმაც Reuters-ს საწარმოს სარდაფებში უძველესი, საარქივო ღვინო აჩვენა, თქვა, რომ ტრამინაკის ის გამოშვება, რომელიც დედოფალ ელიზაბეტ II-ის კორონაციაზე იყო წარდგენილი - უძველესი საარქვივო ღვინოა და მისი ფასი 7500 ევროა.
"ჩვენს ორგანიზაციას სამეფო კართან თანამშრომლობის დიდი ხნის ისტორია აქვს. 1953 წელს დაგვავალეს მიგვეტანა 11 000 ბოთლი ღვინო "ტრამინაკი", რომელიც სელექციური მოსავლის ღვინოა. ეს სახეობა განსაკუთრებულად არომატული და კონცენტრირებულია, რაც მას იდეალურ სასმელად აქცევს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ჩვენ უკვე ვხედავთ "ტრამინაკის" მზარდ პოპულარობას ბრიტანელ მომხმარებლებსა და ტურისტებს შორის - ის ნაკადები, რომელიც ახლახანს სტუმრობდნენ ხორვატიას, ჩვენთან, ილოკშიც იმყოფებოდნენ“ - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
იმას, რომ Traminac-ის პოპულარობა იზრდება ბრიტანელ მომხმარებლებსა და ტურისტებს შორის, მთავარი ენოლოგიც ადასტურებს. მათი ყურადღება ახლა 2019 წლის მოსავლის ღვინისკენ არის მიპყრობილი.
„ტრამინაკის“ 2019 წლის გამოშვება არის ნახევრადტკბილი თეთრი ღვინო, რომელიც დამზადებულია საგულდაგულოდ დაკრეფილი ყურძნისგან, მაღალი შაქრის შემცველობით. მას აქვს მოოქროსფრო-ყვითელი შეფერილობა და თაფლის გამორჩეული ნოტები. დესერტის ამ ღვინოს აქვს უნიკალური თვისებები, რაც მას კარგად სტრუქტურირებულ და ჰარმონიულ ღვინოდ აქცევს, ალკოჰოლის შემცველობით დაახლოებით 14,5%“ - აცხედებს მთავარი ენოლოგი ივანა რაგუზი.
მეფე ჩარლზის კორონაცია შაბათს, 6 მაისს გაიმართება.