IMF-მა აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ზრდა ჩინეთის აღდგენითაა გამოწვეული, თუმცა, ამავდროულად, IMF მუდმივი ინფლაციისა და გლობალური ბაზრის ცვალებადობის რისკზე მიუთითებს, რაც დასავლური საბანკო სექტორის პრობლემებითაა გამოწვეული.
ჩინეთის ეკონომიკის ხელახალი გახსნა გადამწყვეტი იქნება რეგიონისთვის, ეფექტი მთელ აზიაში გავრცელდება. ზრდა მეტწილად ფოკუსირებული იქნება მოხმარებაზე და მომსახურების სექტორში მოთხოვნის ზრდაზე და ნაკლებად ინვესტიციებზე.
სავალუტო ფონდის აზიისა და წყნარი ოკეანის დეპარტამენტის დირექტორმა კრიშნა სრინივასანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და ინდოეთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება, შესაბამისად, 5.2% და 5.9% ზრდით, თუმცა, წლის ბოლოს ზრდა დანარჩენ აზიაშიც მოსალოდნელია.
ნავარაუდებია, რომ აზიის ეკონომიკა წელს 4,6%-ით გაიზრდება 2022 წელს დაფიქსირებული 3,8%-იანი ზრდის შემდეგ, რაც გლობალური ზრდის მაჩვენებელს დაახლოებით 70%-ით გააუმჯობესებს.
სავალუტო ფონდმა აზიის წლევანდელი პროგნოზი გასული წლის ოქტომბრიდან 0,3 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, თუმცა, 0,2 პუნქტით, 4,4%-მდე შეამცირა მომავალი წლის ზრდის პროგნოზი და ისეთ მოსალოდნელ რისკებზე მიუთითა, როგორიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, გლობალური მოთხოვნის შენელება, ასევე აშშ-სა და ევროპის საბანკო სექტორის სტრესის გავლენა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე, მოუწოდა აზიის ცენტრალურ ბანკებს - იაპონიისა და ჩინეთის გამოკლებით - შეინარჩუნონ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რათა შემცირდეს ინფლაცია, რომელიც შეიძლება, კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩეს, ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო.