IMF-ი გლობალური ეკონომიკის მხარდასაჭერად $650 მლრდ-ს გამოყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) გლობალურ ეკონომიკაში არსებული პრობლემების დასაძლევად 650 მლრდ დოლარს გამოყოფს.
როგორც ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, სპეციალური სასესხო უფლების (SDR Allocation) ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური რესურსია და ამ ფინანსური რესურსის გონივრულად გამოყენება შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას არსებული უპრეცედენტო კრიზისის დასაძლევად.
რესურსის გამოყოფის მიზანი მსოფლიო ეკონომიკისთვის დამატებითი ლიკვიდურობის შეძენაა სავალუტო რეზერვების შევსებისა და საგარეო თუ შიდა ვალების შემცირების გზით. ამავდროულად რესურსის გამოყენებას ქვეყნები შეძლებენ ეროვნული ეკონომიკის მხარდასაჭერად და კრიზისის დასაძლევად.
როგორც ფონდის მმართველმა დირექტორმა განმარტა, მთლიანი თანხიდან ქვეყნები ფონდში არსებული კვოტის შესაბამისად მიიღებენ დაფინანსებას. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 275 მლრდ დოლარს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები მიიღებენ, აქედან დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის 21 მლრდ დოლარი გამოიყოფა (ან ზოგიერთ შემთხვევაში რესურსი დაახლოებით მშპ-ს 6% იქნება).
„ეს ღირებული რესურსია და კონკრეტული ქვეყნების გადასაწყვეტია როგორ გამოიყენონ ის საუკეთესოდ. იმისათვის რომ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი წევრ ქვეყნებსა და მსოფლიო ეკონომიკაში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს გონივრული და გამართლებული.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ფონდმა შეიმუშავა სახსრების განაწილების ახალი მაკროეკონომიკური შედეგების შესაფასებლად ჩარჩო რესურსის გამოყენების და მისი სავალო მდგომარეობაზე გავლენის მოხდენის შესაფასებლად, შესაბამისად, IMF მუდმივად აწარმოებს ანაგარიშებს“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.
რესურსის განაწილების უფრო მეტი სარგებლის მისაღებად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს ქვეყნებს ნებაყოფლობით რესურსის ნაწილი დაუთმონ ქვეყნებს, რომლებიც ამ საჭიროებას კიდევ უფრო მეტად განიცდიან. ფონდი აღნიშნავს, რომ გასული წლინახევრის განმავლობაში ფონდის წევრმა ქვეყნებმა 24 მლრდ დოლარიანი საკრედიტო რესურსი გამოიყენეს, მათ შორის 15 მლრდ დოლარი სატრასტო ფონდიდან სიღარიბის შესამცირებლად და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ფონდის სახსრები გათვალისწინებულია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის შეღავათიანი კრედიტების გასაცემად.
ამავდროულად ფონდი თავისი წევრი ქვეყნებისთვის გეგმავს ახალი ფონდის შექმნას, რომლის მიზანია დაბალი შემოსავლების ქვეყნებს დაეხმაროს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან გასამკლავებლად.