გერმანიის აეროპორტებში გაფიცვის შედეგად, 300-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
გერმანიის რეგიონულ აეროპორტებში გაფიცვის შედეგად, 300-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
დუსელდორფისა და ბონის აეროპორტებში ანაზღაურების ზრდის მოთხოვნით „ვერდის პროფკავშირის“ გაფიცვა 24 საათს გაგრძელდა.
ორშაბათის ყოველდღიური 136 სამგზავრო რეისიდან, ბონის აეროპორტში 131 ფრენა გაუქმდა.
დუსელდორფის აეროპორტი კი იტყობინება, რომ 330-დან 205 ფრენა გაუქმდა, 29 - სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო შვიდი - მეორე დღისთვის გადაიდო.
„თუ დამსაქმებლები კვლავ უარს იტყვიან ჩვენს წინადადებაზე, მუშების რეაქცია იგივე იქნება - ჩვენ გაფიცვით ვუპასუხებთ“, - განაცხადა ვერდის პროფკავშირის მდივანმა ოზამ თარიმმა.
პროფკავშირმა გაფიცვა 24 თებერვალს გამოაცხადა, მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ მოლაპარაკებებში იმ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც საჯარო სამსახურისა და საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლები ითხოვდნენ.
გაფიცულები კვირაობით მომუშავე უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის დამატებითი ანაზღაურების გადახდას ითხოვენ, ასევე ხელფასების 10,5%-ით მატებას მომსახურე პერსონალისთვის.
„ჩვენ გვინდა მეტი ანაზღაურება კვირაობით და მეტი ანაზღაურება სახალხო დღესასწაულებზე, რადგან აეროპორტი არ არის დაწესებულება, რომელიც დაკეტილია კვირაობით ან სახალხო დღესასწაულებზე. ის მუშაობს მთელი 24 საათის განმავლობაში და ეს სამუშაო ფასიანია“ - აცხადებს პროფკავშირის მდივანი.
გასული ღამის განმავლობაში აეროპორტები, რომლებიც ემსახურებიან Lufthansa-ს, Turkish Airlines-სა და Aegean Airlines-ს, ძირითადად ცარიელი იყო. მათ მგზავრებს გაფიცვის შესახებ დროულად აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისიდან, ერთდღიანი გაფიცვებით საჰაერო მიმოსვლა გერმანიის შვიდ მთავარ აეროპორტში შეჩერდა. მათ შორის, ფრანკფურტისა და მიუნხენის ცენტრებში. შექმნილი ვითარების შედეგად, თითქმის 300,000 მგზავრი დაზარალდა.