გერმანია ბოლო სამ ატომურ ელექტროსადგურს ხურავს
გერმანია ბოლო სამ ატომურ ელექტროსადგურს ხურავს. ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანა 60 წლიანი ატომური ენერგიის პროგრამას დაასრულებს, რაც, წლების განმავლობაში, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპროტესტო მოძრაობის მიზეზი იყო.
ატომური რეაქტორების - Isar II-ის, Emsland-ისა და Neckarwestheim II-ის კოშკურები დღეს, შუაღამისას სამუდამოდ დაიხურება. ბერლინი 2035 წლისთვის სრულად განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების გეგმაზე გადადის.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს იაპონიის ფუკუშიმას კატასტროფამ რადიაციის გაჟონვა გამოიწვია და მსოფლიო დააფრთხო, გერმანიამ პირობა დადო, რომ ატომურ ენერგოსადგურებს სამუდამოდ გააუქმებდა.
ამ გადაწყვეტილების აღსრულება გასულ ზაფხულს შეფერხდა - მოსკოვის უკრაინაში შეჭრამ გერმანია აიძულა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი შეეჩერებინა. ფასები გაიზარდა და მთელ მსოფლიოში ენერგიის დეფიციტის შიში გაჩნდა. ამის მიუხედავად, გერმანია ახლა დარწმუნებულია გაზის მიწოდების საიმედოობაში და განახლებადი ენერგიების განვითარებაში.
გერმანიის კომერციულ ატომურ სექტორს საფუძველი 1961 წელს Kahl-ის რეაქტორის გაშვებით ჩაეყარა. პოლიტიკოსების მხრიდან მხარდაჭერილ პროექტს კომპანიები სკეპტიციზმით შეხვდნენ. თუმცა, 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისმა ხელი შეუწყო ატომური ენერგიის განვითარებას.
1990-იან წლებში ახლადგაერთიანებულ გერმანიაში ელექტროენერგიის წარმოების მესამედზე მეტი 17 რეაქტორზე მოდიოდა.
მომდევნო ათწლეულში კი, კოალიციურმა მთავრობამ, მათ შორის მწვანეთა პარტიამ - რომელიც სწორედ 1970-იანი წლების ანტიატომური მოძრაობიდან აღმოცენდა - შემოიღო კანონი, რომელიც 2021 წლისთვის ყველა რეაქტორის დახურვას ითვალისწინებდა.
„საფრთხე, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები ქმნიან მთელ მსოფლიოში, ძალიან რეალურია. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, გერმანიაში მოვახერხოთ ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი გამორთვა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სიგნალის ეფექტი სხვა ქვეყნებისთვისაც"- განაცხადა მოქალაქეთა ფორუმის “ატომური ენერგიის წინააღმდეგ” წევრმა ლუი ჰერმანმა Reuters-თან ესენბახში, ერთ-ერთი სადგურის გამორთვისას.
თუმცა, ესენბახის ბევრი მცხოვრები, ისევე როგორც ქალაქის მერი დიტერ ნოიბაუერი, ამ აზრს არ იზიარებს.
”მე მაინც დავუშვებდი ზოგიერთი ელექტროსადგურის, მაგალითად, KKI II (ISAR II)-ის მუშაობას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია უსაფრთხოებაში, ისევე როგორც, მსოფლიო ჩემპიონი გამომუშავებაში. იქამდე მაინც, სანამ არ ვართ დარწმუნებული, გვაქვს თუ არა რეალურად სხვა ტიპის ენერგია ხელთ,” - გამაცხადა ნოიბაუერმა.
Forsa-ის ინსტიტუტის გამოკითხვით, გერმანელთა ორი მესამედი მხარს უჭერს რეაქტორების სიცოცხლის გახანგრძლივებას, 28% კი, მათი ეტაპობრივად გამორთვის მომხრეა.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამმა ქარხანამ პირველ კვარტალში ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოების 5% გამოიმუშავა. გასულ წელს კი, ატომური ენერგია ენერგოწარმოების 6%-ს შეადგენდა, განახლებადი ენერგიის - 44%-ს.
გერმანიის მთავრობა ირწმუნება, რომ ატომური ენერგიის გამომუშავების შეწყვეტის შემდეგ ენერგიის მიწოდების უწყვეტობა გარანტირებულია და, რომ გერმანია კვლავ განახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს. არგუმენტებად ასახელებს გაზის შემნახველი ინფრასტრუქტურის მაღალ დონეს, თხევადი გაზის ახალ ტერმინალებს ჩრდილოეთ სანაპიროზე და განახლებადი ენერგიების ქსელის გაფართოებას.
თუმცა, ატომური ენერგიის მომხრეები ამბობენ, რომ გერმანიას საბოლოოდ, მაინც მოუწევს ატომურ სისტემას დაუბრუნდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას სურს წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ეტაპობრივი გამოსვლა, რადგან, ქვეყნის მიზანია, რომ 2045 წლისთვის სათბურის გაზების მიმართ ყველა სექტორში ნეიტრალური გახდეს. მათი შეფასებით, ქარისა და მზის ენერგია მოთხოვნას სრულად ვერ დაფარავს.
"ატომური ელექტროსადგურები ჯერ კიდევ შენდება. გრძელდება მათი ტექნოლოგიური განვითარება. მუშავდება რეაქტორების ახალი ტიპები, რომელთაც უმაღლესი უსაფრთხოების კონცეფცია აქვთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი კატასტროფა, შეცდომა, რომელსაც გერმანია უშვებს," - აცხადებს ბირთვული არაკომერციული ასოციაცია Nuklearia-ის ხელმძღვანელი, პროფესორი ტორსტენ დამე.
ატომური ენერგიის ეპოქის დასრულების შემდეგ, გერმანიამ 2031 წლისთვის მუდმივი საცავი უნდა მოძებნოს, სადაც რადიოაქტიურად უმძიმესი ბირთვული ნარჩენების 1900 კასრს განათავსებს.
ამასთან, ქვეყნის მთავრობა აცნობიერებს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები სრულად არ გაქრება, რადგან, მისი მეზობელი ქვეყნები - საფრანგეთი და შვეიცარია კვლავ ატომურ ენერგიაზე რჩებიან დამოკიდებულნი.