Galt&Taggart: საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა
2023 წლის აგვისტოში ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა,- ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოში 1 ტონა ხორბლის ფასი 231 აშშ დოლარს შეადგენდა.
ხორბლის მიწოდებაში გაურკვევლობა კვლავაც გრძელდება, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტითაა განპირობებული.
ამასთან, 2023 წელს კანადაში, ხორბლის ერთერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, მშრალი კლიმატური პირობების გამო, წლიურად, წარმოების 14%-ით შემცირებას ვარაუდობენ.
"გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, ხორბლის საორიენტაციო ფასები კვლავ 20%-ით დაბალია წინა წელთან შედარებით, რაც განპირობებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უხვი მოსავლით,"-აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
რაც შეეხება საქართველოს, ამავე მიმოხილვის მიხედვით, ხორბლის იმპორტი საქართველოში თითქმის 40%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 7 თვეში იმპორტი 27 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 19 მლნ დოლარი იყო.