Fiat Chrysler-ისა და Peugeot-ს გაერთიანება აქციონერებმა დაამტკიცეს
Fiat Chrysler-ი და Peugeot-ი ერთიანდება. შერწყმის გეგმა იტალიურ-ამერიკული Fiat Chrysler Automobiles NV (FCA)-სა და ფრანგული PSA Group-ის აქციონერებმა უკვე დაამტკიცეს, რამაც ბირჟებზე კომპანიების აქციების გაძვირება გამოიწვია.
MarketWatch-ის ინფორმაციით, შერწყმას PSA აქციონერთა 99,85% დაუჭირა მხარი. მოსალოდნელია, რომ გარიგება მარტის ბოლოს დასრულდება.
გაერთიანებული კომპანია Stellantis-ი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტომწარმოებელი გახდება, Volkswagen -ის, Renault-Nissan -სა და Toyota Motor -ის შემდეგ. კომპანია გამოუშვებს ავტომობილებს Jeep -ის, Fiat-ის, Dodge-ის, Maserati-ის, Peugeot-ს, Citroen-ის და Opel-ის ბრენდით.
PSA და FCA -მა შერწყმის გეგმაზე ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში განაცხადეს. გასული წლის დეკემბერში კომპანიებმა პანდემიის გამო გარიგების პირობები შეცვალეს.