მსოფლიო
08/03/2023

FED-ი უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების საჭიროებაზე საუბრობს

ამერიკის ფედერალური რეზერვი (FED) მოსალოდნელზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების საჭიროებაზე საუბრობს.

აშშ-ს ფედერალური ბანკის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ არსებული ბოლო მონაცემების საპასუხოდ, საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი გაზრდაა საჭირო. მისივე თქმით, მზად არის, გადადგას ნაბიჯები, რათა ინფლაციის გასაკონტროლებლად უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული.

”უახლესი ეკონომიკური მონაცემები მოსალოდნელზე უფრო მძლავრია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საპროცენტო განაკვეთების დონე სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი,” - თქვა აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელი მძლავრი ეკონომიკური აქტივობა შესაძლოა გამოწვეული იყოს თბილი ამინდითა და სხვა სეზონური ეფექტებით, ჯერომ პაუელის განცხადებით, ეს ასევე შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ Fed-მა მეტი უნდა გააკეთოს ინფლაციის შესამცირებლად, ვიდრე ეს მეოთხედი პროცენტული პუნქტით გამკაცრებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ზომიერად იკლებს ბოლო თვეებში, ინფლაციის 2%-მდე დაბრუნების პროცესს დიდი გზა აქვს გასავლელი და, სავარაუდოდ, შეფერხებები იქნება. როგორც აღვნიშნე, უახლესი ეკონომიკური მონაცემები მოსალოდნელზე უფრო ძლიერია. თუ მონაცემები გვაჩვენებს, რომ უფრო სწრაფი გამკაცრება საჭირო გახდება, ჩვენ მზად ვიქნებით გავზარდოთ განაკვეთების ზრდის ტემპი. ფასების სტაბილურობის აღდგენა, სავარაუდოდ, მოითხოვს იმას, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შევინარჩუნოთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენი ინსტრუმენტების გამოყენებით, ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ 2%-ს“ - განაცხადა აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ.

პაუელის შენიშვნებმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით,  ობლიგაციების ბაზრებზე სწრაფი გადაფასება გამოიწვია. ინვესტორებმა 70%-ზე მეტად გაზარდეს ფსონი იმაზე, რომ ფედერალური ბანკი მიმდინარე შეხვედრაზე განაკვეთს კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზრდიდა. კაპიტალის ბაზრები დაეცა და აშშ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა.

Businesspartner