ევროკავშირის ლიდერებმა ეკონომიკური საკითხები განიხილეს
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში ეკონომიკური საკითხები განიხილეს. მთავარი განსახილვევლი საკითხი ევროზონის მასშტაბით ფინანსური სისტემის მდგრადობა იყო. დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ მიმართულებას, როგორიცაა არსებული შეშფოთება Credit Suisse-ისა და Silicon Valley Bank-ის (SVB) პრობლემების გარშემო და ვითარების გავლენა ევროკავშირის საბანკო სისტემაზე.
„ამ მომენტისთვის საბანკო სექტორის კოლაფსის რისკს ვერ ვხედავთ და ეს არის ყველა იმ ინვესტიციის შედეგი, რომელიც 2008-2009 წლებიდან განვახორციელეთ. გვაქვს ძალიან მკაცრი წესები და ვფიქრობ, ევროპაში არსებული საბანკო რეგულაციები საკმაოდ განსხვავდება აშშ-სგან. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე მოვლენებზე სექტორის რეაქცია განსხვავებულია ევროზონაში, მაგრამ ეს ასევე, აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და რაც გვაკლია, ეს არის საბოლოო საბანკო კავშირი და დასრულებული კაპიტალის ბაზრის კავშირი. ვფიქრობ, ამან უნდა მოგვცეს მოტივაცია, რომ გავაგრძელოთ აღებული კურსი“ - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ.
ესტონეთის პრემიერ მინისტრი კი სექტორის სუბსიდირებაზე უარის თქმის ინიციატივით გამოდის.
„ყველას ესმის, რომ ძალიან მდიდარ ქვეყნებსაც კი ამოეწურებათ გადასახადის გადამხდელთა ფული, თუ ჩვენ დავასუბსიდირებთ იმ ხარვეზს, რომელიც გვაქვს კონკურენტუნარიანობაში. რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ის, რომ ევროპული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარი.
"უმჯობესია, აშშ-სთან კლიმატის საკითხებში ვცადოთ თანამშრომლობა, ვიდრე სუბსიდირებაში შევეჯიბროთ. ეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა ფული იქნება, კომპანიებისთვის გადახდილი. აქცენტი უნდა გაკეთდეს უფრო კონკურენტუნარიანობაზე, ვიდრე სახელმწიფო დახმარებაზე. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინოვაციებზე, კვლევაზე, განათლებაზე, საბანკო კავშირის პოტენციალის რეალიზებაზე, კაპიტალის ბაზრების გაერთიანებაზე, ერთიანი ბაზრისა და ციფრული სერვისების შესახებ“ - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ევროპის ცენტრალურმა დაარწმუნა ევროკავშირის ლიდერები, რომ ევროზონის ბანკები უსაფრთხოდ არიან. თუმცა, ამავე დროს ECB-მ მოუწოდა მათ გააძლიერონ ევროკავშირის დეპოზიტების დაზღვევის სქემა.