EBRD-ის დაფინანსებულ სექტორებში სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სერვისები ლიდერობს
საქართველოში EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) დაფინანსების 80% კერძო სექტორში აქვს განხორციელებული.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის წამყვანმა ბანკირმა, რეგიონალურმა RSF კოორდინატორმა სანდრო მუსერიძემ განუცხადა, ყველაზე აქტიური სექტორები სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წარმოება და სერვისის მიმართულებებია.
„ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე დარგი გამორჩეულად მნიშვნელოვანია. EBRD-ის დაფინანსებულ პროექტებში ამ მიმართულებებს ერთნაირი წილი უჭირავს“ - აღნიშნა სანდრო მუსერიძემ.
მისივე თქმით, ვითარება არ შეცვლილა პანდემიის პერიოდშიც - EBRD-ს ჰქონდა სპეციალური პროგრამები, რომლითაც მის არსებულ და პოტენციურ მსესხებლებს დაეხმარა.
„ეს მოიცავდა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანამშრომლობას, იმიტომ ყველა კომპანიას ფიზიკურად ვერ გაწვდება EBRD - დაფინანსება ხდება არამხოლოდ პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ, ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების საშუალებით. სხვადასხვა საგრანტო კომპონენტებიც არის ამის ნაწილი, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდის პერიოდშიც და ბოლო ორი წლის განმავლობაში გავაგრძელეთ სექტორის იგივე მხარდაჭერა, რაც წინა წლებში გვქონდა. ამას ადასტურებს ის პროექტები, რაც EBRD-მ დააფინანსა და დაეხმარა ადგილობრივ კომპანიებს“ - აცხადებს სანდრო მუსერიძე „ბიზნესპარტნიორთან“.